კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე კვირას ბოლო ექსპერტიზა ჩატარდება

კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე კვირას ბოლო ექსპერტიზა ჩატარდება

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, მიმდინარე კვირაში ბოლო ექსპერტიზა ჩატარდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ექსპერტიზის შემდეგ, გამოძიებას ანალიზისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, რის შემდეგაც, გამოძიების პირველადი სურათი გახდება ცნობილი.

რაც შეეხება გამოძიების გაჭიანურებას, როგორც ზურაბ კიწმარიშვილმა აღნიშნა, ეს იმით არის განპირობებული, რომ ამ დრომდე, დაახლოებით 300 ადამიანი დაიკითხა.

"ასევე ამოღებულია ვიდეომასალები და ინფორმაცია, კომპიუტერიდან, ტელეფონიდან და პლანშეტიდან. გამომძიებლები ამბობენ, რომ ძალიან ყურადღებით, ნელა და დაკვირვებით სწავლობენ ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, არის საფუძველი, რომ დროში გაიწელოს გამოძიება", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

რაც შეეხება დარჩენილ ერთ ექსპერტიზას, მისი ინფორმაციით, დათვალიერება ჩაუტარდება ავტომობილს, რომელშიც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

კერძოდ, უნდა ჩატარდეს ვიზირება, რომელიც ავტომობილში ტყვიის ტრაექტორიას დაადგენს.

ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები. დაგეგმილ საგამოძიებო ღონისძიებას კიწმარიშვილის ძმაც დაესწრება.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.