ირაკლი ღარიბაშვილი - მართლმსაჯულების სისტემა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი - მართლმსაჯულების სისტემა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი იქნება

ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მისი მთავრობა ქვეყნის სათავეში პირველი თავისუფალი არჩევნების შედეგად მოვიდა.

"ჩემი მთავრობა მოვიდა ქვეყნის სათავეში საქართველოს ისტორიაში პირველი ნამდვილად თავისუფალი არჩევნების შედეგად და იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის პრეცედენტის მონაწილე მხარე. ჩემი მთავრობის ძირითად ნაწილს შეადგენენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ყოფილი დიპლომატები. ასე რომ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გვქონდა მკაფიო მოსაზრება, თუ რა სახის პრობლემებს უნდა გავუმკლავდეთ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის, რათა თავიდან ავიცილოთ წარსულის შეცდომების გამეორება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ დასავლეთის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერობა დაამყარეს, რათა მათგან ესწავლათ.

"ჩვენ დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან, რათა გვესწავლა მათგან. ჩვენი მოწვევით ევროკავშირმა საქართველოში მოავლინა თომას ჰამარბერგი, რომელმაც შეაფასა ქვეყნაში არსებული მდგომარეობა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და მოგვაწოდა შესაბამისი რეკომენდაციები. ამ პროცესში ჩვენ დავადგინეთ საკვანძო სფეროები, სადაც დაუყოვნებლივ იყო გასატარებელი რეფორმა. ეს სფეროებია: კანონის უზენაესობის აღდგენა; დამოუკიდებელი სასამართლოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება; ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; თანამდებობის პირთა დაუსჯელობის აღმოფხვრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კანონის უზენაესობის აღდგენასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. პრემიერის განმარტებით, ხელისუფლებაში მათი მთავრობის მოსვლამდე გამამტყუნებელი განაჩენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენდა, ხოლო საპროცესო გარიგება გამოიყენებოდა, როგორც გამოძალვის ხერხი. 

"გარდა ამისა, ფართოდ იყო გავრცელებული ხელისუფლების ზედამხედველობით წამების პრაქტიკა საქართველოს ციხეებში. ეს კი განსაკუთრებულ ტკივილს აყენებდა ქართულ საზოგადოებას, თუკი გავითვალისწინებთ იმ დროს პატიმართა პროცენტულ მაჩვენებელს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის რიცხვთან მიმართებით. ჩვენ გამოვუცხადეთ ბრძოლა წამებას ციხეებში. ჩვენ გავაქარწყლეთ სამთავრობო კონტროლი მართლმსაჯულების სისტემაზე და უზრუნველვყავით დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ნიშნავს ახალ მოსამართლეებს. ჩვენ მივანიჭეთ ბრალდებულებს უფრო ფართო უფლებები და წერტილი დავუსვით იძულებით საპროცესო გარიგებებს. გარდა ამისა, ჩვენ გავაუმჯობესეთ პროკურატურის მუშაობის ხარისხი", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ მან პირადად გაუწია ზედამხედველობა ყველა უკანონო ფარული ჩანაწერის განადგურებას, რომლებსაც მისი თქმით, წინა ხელისუფლება შანტაჟისა და გამოძალვის მიზნით იყენებდა.
"მთავრობები იშვიათად თუ ამაყობენ ამით, ასე რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველოში პროკურატურის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო, და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქმეთა სულ უფრო მცირე რაოდენობა განიხილება სასამართლოში. მართლმსაჯულების სისტემა იქნება ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების გარანტი და მომავალში სტაბილურობის წყარო, რაც ხელს შეუწყობს ხალხის კეთილდღეობასა და ბიზნეს საქმიანობის აღზევებას", - აღნიშნა პრემიერმა.