ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების შემდეგ პირველ შედეგებზე საუბარი ნაადრევია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის დაწყებამდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა.
ამით მინისტრი კითხვას გამოეხმაურა, როდის შეიძლება მოსახლეობამ პირველი შედეგი ნახოს. მისივე თქმით, მთავრობა როგორც ევროკავშირის, ასევე ნატო-ს მიმართულებით ცდილობს არ შექმნას გადაჭარბებული მოლოდინები. "დღეიდან, ოფიციალურად, ფორმალურად შესაძლებელია საქართველიდან ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე პროდუქციის შეტანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენმა მეწარმეებმა, მწარმოებლებმა უმოკლეს დროში შეძლონ სტანდარტების შესაბამის დონემდე მიყვანა, დაიკავონ თავისი ადგილი ევროკავშირის ბაზარზე. ეს არის ძალიან სერიოზული პერსპექტივა, რომელიც მთავრობამ გაუხსნა ასოცირების ხელმოწერით ქართველ მეწარმეებს", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების უდიდესი ნაწილი დღეიდან დროებით ამოქმედდა.
კერძოდ, ხელშეკრულების სრულ იმპლემენტაციამდე, 1-ელი სექტემბრიდან ძალაში შევიდა დოკუმენტის 80%, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტი. DCFTA ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას. შეთანხმების ფარგლებში, ქართული წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს.
ასოცირების შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 27 ივნისს მოეწერა. დოკუმენტის სრულად იმპლემენტაციამდე საჭიროა მისი რატიფიცირება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან, ოთხს აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა.