ექსპერტ კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, ევროკავშირის პოლიტიკა არ შეიცვლება, ვინაიდან წამყვან როლს კვლავ ცალკეული ქვეყნების ლიდერები - მერკელი, ოლანდი და ქემერონი - ითამაშებენ.
ამის შესახებ გოგოლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის ხელმძღვანელ თანამდებობზე დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისსას განუცხადა, რომლის თანახმადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ჰერმან ვან რომპეის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი შეცვლის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კი, ქეთრინ ეშტონის ნაცვლად, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი იქნება.
"იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ ჩვენ ცოტა ინფორმაცია გვაქვს. ერთია იტალიის, როგორც ქვეყნის პოზიციები, მაგრამ ევროკავშირი თავისთავად იმდენად ინერციული სტრუქტურაა და თავისი პოლიტიკა აქვს, რომ მისი მარტივად, პიროვნებების მიერ შეცვლა და სხვა მიმართულებით წაყვანა თითქმის გამორიცხულია. რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს, ქეთრინ ეშტონის როლი ყოველთვის დიდი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა. იგი საკმაოდ დამოუკიდებელი, აქტიური, პრინციპული და პირდაპირი პოლიტიკური ფიგურა იყო. შეიძლება, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ცოტა უფრო მოქნილი და კომპრომისების მაძიებელი იყოს, ვიდრე ხისტი და მომთხოვნი ქეთრინ ეშტონი, რომელიც ხშირად იყენებდა ზეწოლის პოლიტიკას", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
რაც შეეხება დონალდ ტუსკს, ექსპერტის თქმით, მასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკა სწორი მიმართულებით განვითარდა, მათ შორის, უკრაინის კრიზისთან მიმართებაში.
"დონალდ ტუსკი უკრაინის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გამოდგა, მაგრამ აქ შეიძლება, ისიც გავითვალისწინოთ, რომ თვითონ პოლონელი ხალხის ნებაა ასეთი, რასაც ვერც ერთი პოლიტიკოსი იგნორირებას ვერ გაუკეთებს, თორემ მალე დაკარგავს თავის პოზიციებს. პოლონელები თვითონ მაქსიმალურად მომართულები არიან იმისკენ, რომ რუსეთს შეეწინააღმდეგონ უკრაინის საკითხში. დონალდ ტუსკმა მართლა ძალიან ცუდი როლი ითამაშა თავის დროზე ლეხ კაჩინსკისთან დაკავშირებით _ ავიაკატასტროფის მიზეზების გამოძიება ცუდად ჩაატარეს, ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი თავის დროზე არ შეუცვალა პრეზიდენტს, ცდილობდა, რუსეთთან რბილი პოლიტიკა გაეტარებინა და ა.შ. ასეთი მომენტები იყო, მაგრამ ამის ექსტრაპოლაცია ახლა შეიძლება არც მოხდეს ევროკავშირის თემებზე, იმიტომ, რომ ევროკავშირში პიროვნებების როლი ნაკლებია. უფრო დიდია ამ უზარმაზარი გაერთიანების ინტერესი, ჩამოყალიბებული ტრადიციები, მიდგომები და სტრუქტურების ინტერესები. ამ ყველაფრის შეცვლა პერსონალიების მიერ რთული წარმოსადგენია. ამიტომ, საერთო ჯამში, ევროკავშირის პოლიტიკა გაგრძელდება ისე, როგორც არის. აქ როლს თამაშობენ თვითონ ქვეყნების ლიდერები და ალბათ, მათი როლი კიდევ უფრო გაიზრდება. კანცლერი მერკელი, ოლანდი, ქემერონი და სხვა ლიდერები ითამაშებენ ისევ წამყვან როლს ევროკავშირის პოლიტიკაში. ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ვინაიდან საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირი არ არის იმდენად კონსოლიდირებულიდ, რომ ინსტიტუტუციურად ევროკავშირმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ, როცა კრიზისის წინაშე დგას ევროკავშირი, როგორც ახლა, წინა პლანზე მაინც ქვეყნები და მათი ლიდერები იქნებიან", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ევროკავშირის ლიდერები დონალდ ტუსკისა და ფედერიკა მოგერინის კანდიდატურებზე 30 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. დონალდ ტუსკი მეორე პოლონელია, რომელი ერჟი ბუზეკის შემდეგ, რომელიც 2009-2012 წლებში ევროპარლამენტს თავმჯდომარეობდა, ევროკავშირის სტრუქტურებში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობას დაიკავებს. რაც შეეხება ფედერიკა მოგერინის, მის კანდიდატურაზე ევროკავშირის ლიდერები ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამართულ შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ახლა გადაწყვეტილება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სასარგებლოდ იქნა მიღებული. ერთადერთი ლიდერი, ვინც მოგერინის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე იყო, რომლისთვის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურა მისი "პრორუსული პოზიციების" გამო აღმოჩნდა მიუღებელი.
როგორც ცნობილია, ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს, ჟოზე მანუელ ბაროზოს ვადის ამოწურვის შემდეგ, ლუქსემბურგის წარმომადგენელი ჟან-კლოდ იუნკერი დაიკავებს. ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელობა საქმიანობას მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს შეუდგება.