გაეროს წევრთა უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთება გამოხატა

გაეროს წევრთა უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთება გამოხატა

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. Cenzor.net-ის ინფორმაციით, რუსეთის მხარემ საბჭოს წევრებს შესთავაზა, დაემტკიცებინათ ერთობლივი განცხადება პრესისთვის დღევანდელი სხდომის შესახებ, თუმცა, რუსეთის ეს ინიციატივა ვერ გავიდა. დღევანდელ სხდომაზე ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. აშშ-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს რუსეთის ქმედებები.

დღესვე, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს.

ობამას თქმით, რუსეთი წვრთნის, აიარაღებს და აფინანსებს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. მისი განცხადებით, ნატოს ახალი მონაცემები ადასტურებს რუსეთის ჯარის ყოფნას უკრაინაში. მანვე აღნიშნა, რომ კრემლი პასუხისმგებელია დონბასში ვითარების ესკალაციაზე. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მომავალ თვეში თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი შედგება.