ირაკლი ოქრუაშვილმა „ოცნების“ აქტივისტები სცემა და მათ მანქანას ესროლა

ირაკლი ოქრუაშვილმა „ოცნების“ აქტივისტები სცემა და მათ მანქანას ესროლა

ტყვიავის საკებულოს დეპუტატის თემურ გიგუაშვილის ინფორმაციით კვირას, დაახლოებით 22.00 საათზე ირაკლი ოქრუაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს და მათი მანქანის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. თემურ გიგუაშვილის განცხადებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი სოფელ ტყვიავში დაცვის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა.

ის გაჩერდა მანქანასთან, რომელშიც „ოცნების“ აქტივისტები ვასილ და პავლე ქარელები ისხდნენ. მისი ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილმა ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა თუმცა ვასილ და პავლე ქარელები მას არ დაემორჩილნენ და მანქანა დაძრეს. გიგუაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილი მათ გაეკიდა და მანქანის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. მისივე თქმით მანქანას სამი ნატყვიარი აქვს. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით სროლის შემდეგ ბიჭებმა მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც მათთან ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა და იარაღის კონდახით სცემა. თემურ გიგუაშვილის თქმით ირაკლი ოქრუაშვილი ვასილ და პავლე ქარელებს არ იცნობდა და მათ მანამდე ერთმანეთთან რაიმე სახის დაპირისპირება არ ჰქონიათ.

ის ვარაუდობს, რომ ახალგაზრდებს მათი პარტიული კუთვნილების გამო გაუსწორდნენ, რადგან ოქრუაშვილი ტყვიავიდან არის და მას სავარაუდოდ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ვასილ და პავლე ქარელები „ოცნების“ აქტივისტები“ არიან. საკრებულოს დეპუტატი ეჭვობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა და მისმა თანხმლებმა პირებმა ახალგაზრდები დააშინეს, რადგან მომხდარის შემდეგ ისინი სოფელში აღარ გამოჩენილან. ფაქტს ჟურნალისტებთან ადასტურებენ ადგილობრივები თუმცა ოფიციალური კომენტარისგან ყველა თავს იკავებს. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ , გორის ოფისში ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი გაუგიათ. ასევე, უცნობია აღიძრა თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე, რადგან როგორც თემურ გიგუაშვილი ამბობს, სავარაუდოდ დაზარალებულებმა პოლიციას არ მიმართეს.