როგორც რამაზ საყვარელიძემ “პირველ პრესკლუბში” NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, ორგანიზაცია კითხვას ისე სვამს, რომ შედეგი იყოს შესაბამისი.
მისივე თქმით, როდესაც რესპოდენტს უსვამენ კითხვას პრემიერ-მინისტრის საქმიანობის შეფასებაზე და უკონკრეტებენ სფეროებს, ამ შემთხვევაში პასუხი არ იქნება დადებითი და სწორედ ამიტომ ფასდება ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობა საშუალოდ.
“წამყვანი ოპოზიციური პარტია რას ნიშნავს, როცა ოპოზიციური პარტია ქვეყანაში თითქმის არ არის. ამ კითხვას რა აზრი აქვს? პარტიების რეიტინგები რომ გამოეკვლიათ და მერე აღმოჩნდებოდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ადგილზეა, შედეგი იგივე იქნებოდა, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” სიტყვა წამყვანი სჭირდება, რომ მას წამყვანი ოპოზიციური პარტია ერქვას. ანალოგიურადაა ის აკვიატებული კითხვა, რომელიც სულ აქვს NDI-ის მთელი თავისი ნაყოფიერი მოღვაწეობის მანძილზე, ვინ მოგწონთ და რამდენად. რას ნიშნავს მოგწონს? გარეგნობით, საქმიანობით, სიტყვა-პასუხით მოგწონს? პატრიარქი 91 პროცენტს მოსწონს კი არა თაყვანს სცემს, მოწონება რა შუაშია და პოლიტიკოსებში უცბად აღმოჩნდება, რომ ალასანია უფრო მოსწონს ხალხს ვიდრე სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, ალასანია შესანიშნავი, წარმოსადეგი და სიტყვა-პასუხის პატრონია, ანუ კითხვა იმთავითვე განწირულია იმისაკენ, რომ მრუდე სარკე აღმოჩნდეს. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ NDI ცდილობს მიიღოს შედეგები, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესშია”, - განაცხადა საყვარელიძემ.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მიერ დაკვეთილ კვლევას უაპელაციოდ არ აქვეყნებენ.
“მე ვისურვებდი გავიზიაროთ დასავლეთის გამოცდილება. არცერთ პატივმოყვარე დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება, რომ სხვა ქვეყნის ოფიციალური, არასამთავრობო თუ სხვა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებულ გამოკვლევებს უაპელაციოდ აქვეყნებდნენ. თუ გამოაქვეყნებენ, თავიანთი გამოკვლევების გვერდით რათა შედეგები შეადარონ”, - განაცხადა “პირველ პრესკლუბში” საყვარელიძემ.