თბილისის მერიაში ბიუჯეტის დეფიციტის შევსების გზებზე მსჯელობენ

თბილისის მერიაში ბიუჯეტის დეფიციტის შევსების გზებზე მსჯელობენ

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 25 მილიონ ლარს შეადგენს, რის გამოც თბილისელების სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება საფრთხის ქვეშ დგება.

“ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ვაცხადებდით, რომ ყოველგვარი შეზღუდვების, საბიუჯეტო წესრიგის, კანონმდებლობის გარეშე ხდებოდა დედაქალაქის ბიუჯეტის ცალკეული მუხლებიდან თანხის ხარჯვა. გამგებლები დამემოწმებიან, რომ რაიონულ გამგეობებში პრაქტიკულად, აღარ იყო სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში თანხები დარჩენილი, ხოლო რაც შეეხება ცენტრალურ ნაწილს, ანუ მერიის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვას, აქ სულ რამდენიმე მილიონი ლარი იყო დარჩენილი, რაც არასაკმარისია წლის ბოლომდე. დაახლოებით, 25 მილიონი ლარი – ეს არის დეფიციტის მოცულობა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რა გზით შეავსებს მერია საბიუჯეტო დეფიციტს, ამ საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე ამ დროისთვის მსჯელობენ. მერიაში არ გამორიცხავენ, რომ სესხის აღება ცენტრალური ბიუჯეტიდან მოუხდეთ.