სერგეენკო იმერეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს რეცეპტის მნიშვნელობაზე ესაუბრა

სერგეენკო იმერეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს რეცეპტის მნიშვნელობაზე ესაუბრა

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მან დეტალურად ისაუბრა რეცეპტის (ფორმა №3) ინსტიტუტის აღდგენასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებზე. ასევე, გაიმართა ახალი პორტალის „წამლის საძიებელი" პრეზენტაცია, რომლის საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტისა და რეცეპტის შესახებ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კი განმარტა, რომ აღნიშნული რეგულაცია არა მედიკამენტების შეზღუდვის, არამედ პაციენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით არის მიღებული.

მინისტრმა მედპერსონალის მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა და პაციენტებთან სწორი კომუნიკაციის დასამყარებლად საჭირო რეკომენდაციებიც გასცა.

რეცეპტით წამლების გაყიდვა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროში ფუნქციონირებს სემინარების ოთახი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეცეპტებთან (ფორმა №3) დაკავშირებით. აღნიშნული ტიპის შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა უკვე გამართეს აჭარი, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.