"კაზანტიპის" ტერიტორიაზე ინციდენტის გამო საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო

"კაზანტიპის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ინციდენტის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "კაზანტიპის" ტერიტორია ორ ადამიანს დაატოვებინეს, ერთი გოგონაა, მეორე კი - მამაკაცი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განუცხადეს, აღნიშნული ადამიანები აწუხებდნენ სტუმრებს, რის გამოც მათ კაზანტიპის ტერიტორიაზე მათ აღარ შეუშვებენ.

გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა მათაც გაუწიეს წინააღმდეგობა. საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს ინციდენტის შედეგად ხელიც ჰქონდა გაკაწრული. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, "კაზანტიპის" ტერიტორიიდან გაძევებულები რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეები არიან. ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.