პატიმრების ახლობლების ინფორმაციით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში სიმშვიდეა

პატიმრების ახლობლების ინფორმაციით, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში სიმშვიდეა

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების პატიმრების ახლობლების ინფორმაციით, მე-6 დაწესებულებაში სიმშვიდეა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებასთან დილიდან მიდიან პატიმრების ახლობლები. რამდენიმე მათგანი პატიმრების სანახავად ციხეშიც იყო შესული. როგორც პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, დაწესებულებაში  ამჟამად სიწყნარეა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-5 ქალთა კოლონიაში 30-მდე პატიმარი ქალი შიმშილობს. ისინი შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და კომისიას მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებენ. თუმცა, სასჯელაღსრულების სამინისტრო მხოლოდ 13 პატიმრის შიმშილობას ადასტურებს. 

მე-5 დაწესებულებაში ვითარებაში გასარკვევად შესულია უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე, მე-6 დაწესებულებაში კი – საია-ს წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე. მისი თქმით, ტელევიზიით შეიტყო, რომ გარკვეულ დაძაბულობას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც გადაწყვიტა მე-6 დაწესებულებაში შესვლა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარების შესახებ კომენტარს საია-ს წარმომადგენელი ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს. 

სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში წუხელ, ღამის პირველ საათზე ორ პატიმარს შორის ჩხუბი მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, თეა პერტაიამ განუცხადა, ჩხუბის შემდეგ ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა, მე-7 დაწესებულებაში გადაიყვანეს.