საგარეო უწყება საპატიო კონსულების პრეტენზიებს პასუხობს

საგარეო უწყება საპატიო კონსულების პრეტენზიებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საპატიო კონსულების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს ბოლო დღეების განმალობაში ახალ საპროტოკოლო რეგულაციებთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი საპატიო კონსულების მიერ გავრცელებულ განცხადებებს.
"საზოგადოების სწორი ინფორმირების და ამ თემის ირგვლივ დამატებითი ინტერპერტაციების თავიდან აცილების მიზნით", სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. 

სამინისტროს განცხადებით, "დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელო" წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია საქართველოში დიპლომატიური მისიით მყოფი პირის საქმიანობასთან დაკავშირებული საპროტოკოლო წესები და რეგულაციები.

"ჩვენს მიერ შედგენილი დოკუმენტი სრულად არის დაფუძნებული ვენის 1961 და 1963 წლის კონვენციებზე. შესაბამისად, "დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძრვანელოთი" საპატიო კონსულებს ენიჭებათ ზუსტად ის პრივილეგიები და იმუნიტეტები, რაც მათ საკონსულო ურთიერთობათა შესახებ 1963 წლის 24 აპრილის ვენის კონვენციით ეკუთვნით", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულები აქამდე სარგებლობდნენ იმავე პრივილეგიებით, როგორც კარიერული დიპლომატები, ეს კი სცილდებოდა საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის 1963 წლის 24 აპრილის კონვენციის მესამე თავის ჩარჩოებს, რომლებიც კონკრეტულად საპატიო კონსულებს ეძღვნება. შედეგად, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში ირღვეოდა საქართველოს კანონმდებლობა.

"გვსურს ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი დოკუმენტი არ ზღუდავს საპატიო კონსულის სტატუსის მქონე პირის უფლებებს საქართველოში და პირიქით, ხელს უწყობს მათ კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებული საქმიანობის განხორციელებაში, აწესრიგებს რა სწორედ მათ უფლებებთან დაკავშირებულ, მთელ რიგ ტექნიკური ხასიათის საკითხებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოჰყავს რა აღნიშნული საკითხები საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და ადგილობრივ კანონდებლობასთან შესაბამისობაში, მიიჩნევს, რომ საქართველოში მოღვაწე საპატიო კონსულებს შეექმნებათ ყველანაირი პირობა საკუთარი საქმიანობა წარმართონ საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების თანახმად და ამ გზით ხელი შეუწყონ მსოფლო თანამეგობრობის ცალკეულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში აკრედიტებულმა საპატიო კონსულებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული "დისკრიმინაციული ქმედებების აღმოფხვრისკენ" მოუწოდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატიო კონსულების ასოციაციაში განუცხადეს, მათ წერილი მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაარეგისტრირეს.
"მეგობარი ქვეყნების საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელ საპატიო კონსულებს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუუქმა დიპლომატიური ბარათები და შეუზღუდა საერთაშორისო კონვენციებით მინიჭებული პრივილეგიები. საგარეო საქმეთა სამინისტროს უკანონო გადაწყვეტილება შეიძლება, ნეგატიურად აისახოს ორმხრივ ურთიერთობებზე და საქართველოსათვის მძიმე საპასუხო ნაბიჯები მოჰყვეს. 1963 წლის 24 აპრილის "საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის" შესაბამისად საპატიო კონსულები წარმოადგენენ გამგზავნი ქვეყნის სრულუფლებიან წარმომადგენლობას ადგილსამყოფელ ქვეყანაში და სარგებლობენ ვენის კონვენციით გათვალისწინებული ყველა პრივილეგიითა და იმუნიტეტით. საპატიო კონსულების ასოციაცია აღნიშნავს, რომ თითოეული ის საკონსულო დაწესებულება, რომელსაც ხელმძღვანელობენ საქართველოში აკრედიტებული კოლეგა საპატიო კონსულები, ძალას და ენერგიას არ იშურებენ საქართველოსა და წარმდგენ სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "არაღიარების პოლიტიკის" საქმეში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათლადაა განმარტებული საპატიო კონსულების პრივილეგიები და იმუნიტეტები და აღნიშნულია, რომ "[კონვენციის] მუხლები, რომლებიც ეხება კარიერულ კონსულებს, ასევე გამოყენებული უნდა იქნას საპატიო კონსულებთან მიმართებაში", - ნათქვამია საპატიო კონსულების ასოციაციის განცხადებაში.

საპატიო კუნსულები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი სწორედ "დიპლომატიური პროტოკოლის სახელმძღვანელოში" შესულ ცვლილებებს აპროტესტებენ. საქართველოში 22 საპატიო კონსულია აკრედიტებული, საპროტესტო წერილს ხელს აწერს 17 მათგანი.