რუსული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია "ლევადას" მონაცემებით, რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს.
გამოკითხულთა 52% აცხადებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, 51%-ს იგივე მოსაზრება აქვს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაშიც.
ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული რუსების 30% მხარს უჭერდა აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 25%-მდე შემცირდა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კი - 29-დან 24%-მდე.
"ლევადას" კვლევის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა, დღესდღეობით ასეთი შეხედულება მხოლოდ გამოკითხულთა 22%-ს აქვს.