რარიტეტული დისკი

რარიტეტული დისკი

ბრიტანული მუსიკალური გამოცემა “New Musical Express”-ის ინფორმაციით, ვებ-გვერდმა “991. com” გასაყიდად რარიტეტული დისკი გამოიტანა.

 

საუბარია ცნობილი ჯგუფი “The Sex Pistols”-ის სინგლზე “God Save the Queen”. ამ ერთგვარ აუქციონზე მისი საწყისი ფასი 10 ათასი ფუნტი სტერლინგია.

 

სინგლი თავის დროზე ხმის ჩამწერმა სტუდიამ “A & M” მოამზადა. ტირაჟის მცირე ნაწილი გაყიდვაში მოხვდა, მაგრამ შემდეგ კომპანიასა და ჯგუფს შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ამ მიზეზის გამო გაფორმებული კონტრაქტი გაუქმდა და სტუდიამ უკვე ჩაწერილი და გასაყიდად მომზადებული მასალა ბოლომდე გაანადგურა.

 

ეს რარიტეტული დისკი გაუჩინარებას სრულიად შემთხვევით გადაურჩა. ის კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიითვისა და ამ ხნის განმავლობაში განსაკუთრებით გაუფრთხილდა.

 

ვებ-გვერდის წარმომადგენლების მტკიცებით, დისკი ჩინებულ მდგომარეობაში იმყოფება და არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

 

სინგლი “God Save the Queen” ჯგუფმა 1977 წელს გამოსცა. კომპოზიციამ ბრიტანული მუსიკალური ჩართების ჩამონათვალში მეორე ადგილი დაიკავა. ალბათ პირველობასაც მოიპოვებდა, მაგრამ ამის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა გაილაშქრეს. 1977 წელს დედოფალ ელისაბედ მეორე ტახტზე ასვლის ვერცხლის იუბილეს აღნიშნავდა.