ლარსის საბაჟოზე გამავალი გზა სავარაუდოდ ორი კვირაში აღდგება

ლარსის საბაჟოზე გამავალი გზა სავარაუდოდ ორი კვირაში აღდგება

წინასწარი ვარაუდით, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა ორი კვირის ვადაში აღდგება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ ვარაუდი მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, დღეს გამართულ საგანგებო თათბირზე გამოითქვა. 
"საბაჟო-გამშვები პუნქტი არის დაზიანებული. წყლის მასა შევარდა საბაჟოს შენობაში. დაზიანდა მესაზღვრეებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამუშაო ადგილები და როგორც თათბირზე გამოითქვა ვარაუდი, დაახლოებით ორი კვირის ვადაში მოხდება გზის აღდგენა. თუმცა, ესაა წინასწარი პროგნოზი იქედან გამომდინარე, რომ ჯერ ზუსტად არაა ცნობილი შესასრულებელი სამუშაოები", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში გამოეხმაურა გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დარიალის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნა ჰესის მშენებლობამ გამოიწვია. ჯანელიძის განმარტებით, ჰესის სათავო ნაგებობა სტიქიის ზონიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რის გამოც, მას არ შეიძლებოდა დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნასთან რაიმე გავლენა ჰქონოდა. 

"ეს არის არასწორი შეფასება, ის ადგილი, საიდანაც მოხდა მიწის მასის მოწყვეტა, დაახლოებით 20 კილომეტრით არის დაშორებული ჰესის სათავო ნაგებობასთან, ამიტომაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა იმაზე, რა პროცესებიც დევდორაკის ხეობაში განვითარდა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში და იქვე განმარტა, რომ უხვი ნალექია ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, რომლის მსგავსი მოვლენა შესაძლოა კვლავ განმეორდეს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე მოვლენის განმეორების რისკი არ არსებობს. 

რაც შეეხება უშუალოდ თათბირს, ჯანელიძის განმარტებით, მასზე შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ცალკეულ სამინისტროებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები განესაზღვრა,

ამასთან, მისი ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრო ორი დღის ვადაში მოახდენს მაგისტრალური გაზსადენის დროებითი ვარიანტის ამუშავებას, რის ფარგლებშიც სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტის აღდგენა შესაძლებელი იქნება. 

"ორ დღეში ვარაუდობენ სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანზიტის აღდგენას, უკვე ორი კვირის ვადაში კი მაგისტრალური გაზსადენი სრულად იქნება აღდგენილი", - განმარტა მან.