დაუშვებელია, თურქეთმა ნებართვა გასცეს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის საარჩევნო ყუთების დადგმაზე

დაუშვებელია, თურქეთმა ნებართვა გასცეს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებისთვის საარჩევნო ყუთების დადგმაზე

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, დაუშვებელია, თურქეთის მიერ აფხაზეთის ე.წ. არჩევნების ფარგლებში საარჩევნო ყუთების დადგმასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა გაიცეს.

ამის შესახებ ელჩმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით თურქეთში საარჩევნო უბანი გაიხსნა.

"თურქეთი, როგორც მეგობარი და მეზობელი ქვეყანა, ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მომავალშიც გააგრძელებს ამ მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, თურქეთი არ სცნობს 24 აგვისტოს აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს, ვინაიდან აღნიშნული არჩევნები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და საქართველოს კანონმდებლობას, მას არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა თურქეთშიც. აღნიშნულის გათვალისწინებით დაუშვებელია, რომ თურქეთის უწყებების მიერ გაიცეს ოფიციალური ნებართვა საარჩევნო ყუთების თურქეთშიც დადგმასთან დაკავშირებით. თურქეთი იმედოვნებს, რომ აფხაზეთის პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების დაცვით", - განაცხადა ლევენთ გუმრუქჩუმ და დასძინა, რომ "თურქეთი მზადაა, ამ მიზნისაკენ მიმართულ ნებისმიერ ძალისხმევას შეუერთდეს".