"ლარსი ჰესის" პრესსამსახური - ინფორმაცია, თითქოს "ლარსი ჰესი" აღარ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლარსი ჰესი" აღარ არსებობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ლარსი ჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თათია კობრეიშვილმა განუცხადა. 

მისივე განმარტებით, წუხანდელი ღვარცოფის შედეგად ჰესი დაზიანებულია, თუმცა მისი აღდგენა, სავარაუდოდ, 10 დღის ფარგლებში მოხდება.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლარსი ჰესი" აღარ არსებობს. მეწყრის შენატანს ადგილი ჰქონდა და დაზიანებულია. თუმცა, მისი ფუნქციონირება, სავარაუდოდ, 10 დღის ფარგლებში აღდგება. ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც წინა შემთხვევასთან შედარებით, ვფიქრობ, ამჯერად უფრო მალე დასრულდება. შესაბამისად, ჰესის აღდგენაც უფრო მალე დაჩქარდება", - აღნიშნა თათია კობრეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ "ლარსი ჰესის" ექპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.

როგორც ნინო ჩხობაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მეწყერის ჩამოწოლამ მოქმედ "ლარსი ჰესს" სერიოზული პრობლემები შეუქმნა.