საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის მიწოდება 2-3 დღეში აღდგება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ერევანში, თავის სომეხ კოლეგასთან ჰოვიკ აბრაჰამიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ის წუხელ დარიალის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა მეწყერის ჩამოწოლის საკითხი. ეს ამ წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სულ რაღაც 2-3 დღეში აღდგეს გაზის მოწოდება, ვინაიდან კიდევ დაფიქსირდა გაზის მილის დაზიანების ფაქტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გაზსადენი, რომლითაც სომხეთს ბუნებრივი აირი მიეწოდება, წუხელ დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანდა.