პრემიერი კოლეგებს სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად იწვევს

პრემიერი კოლეგებს სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად იწვევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოწვევას იღებს და კოლეგებს სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ჩასართავად იწვევს. როგორც Facebook-ში პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ირაკლი ღარიბაშვილი თანხას სოლიდარობის ფონდში გადარიცხავს.

"აქცია, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს და რომელშიც უკვე ჩართულია ათასობით ადამიანი, არის ჰუმანურობის, სიკეთის კეთებისა და სოლიდარობის შესანიშნავი მაგალითი, როდესაც მთელი საზოგადოება, მიუხედავად სტატუსისა, ერთი მიზნისთვის ერთიანდება. სწორედ "სიკეთე გადამდებია" არის ჩვენი ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" მთავარი ლოზუნგი. მე ვიღებ ამ გამოწვევას და რადგან დღეს ვარ საქართველოს მთავრობის მეთაური, თანხას არა ერთჯერადად, არამედ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან ვრიცხავ სწორედ "სოლიდარობის ფონდში", რომელიც დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძალისხმევით ძალიან მალე ბევრ ადამიანს დაეხმარება. აქციის წესების თანახმად, სოლიდარობის საყოველთაო საქველმოქმედო აქციაში ვიწვევ ჩემს კოლეგებს საქართველოს მთავრობიდან და რა ფორმით ჩაერთვებიან აქციაში, ეს თავად მათი გადასაწყვეტია", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, მსახიობები, სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირაა ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედების გასაკეთებლად. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ.

ფლეშმობს უკვე შეუერთდა "პალიტრამედიაც". "პალიტრის" მარკეტინგის დირექტორმა თამთა ასლანიშვილმა ფლეშმობში მონაწილეობის მისაღებად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიწვია.