მოგესალმებით ყველას.
დღეს ჩვენ გვქონდა აზრთა სიღრმისეული გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იმუშაოს არსებული საკონსტიტუციო მოდელის პირობებში ქვეყნის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ორგანომ - ეროვნული უშიშროების საბჭომ.
ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს ორგანო არის საქართველოს კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი მოწყობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
ამ ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირება უზრუნველყოფს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც შეეხება ქვეყნის მშვიდობას, ომს, ზავს, სხვა ქვეეყნის ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნას, სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების შემოსვლას ან გატარებას, უმნიშვნელოვანესი სამხედრო დოკუმენტების შემუშავებას, თვითმმართველობის რომელიმე ერთეულის უფლებამოსილების შეზღუდვას ან ქვეყნის ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას.
ასეთი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდება სიღრმისეული გააზრება, რაც მოხდება კონსტიტუციურ ორგანოში, რომლის მანდატიც გაწერილია კონსტიტუციისა და ორგანული კანონის საფუძველზე. ასეთი ორგანო არის ეროვნული უშიშროების საბჭო.
ჩვენ დღეს გავაცანით ჩვენს მეგობრებს, კოლეგებს, ჩვენეული ვერსია და ხედვა რამდენიმე დეტალთან დაკავშირებით. კერძოდ, იმის თაობაზე, რომ ამ ორგანოში მნიშვნელოვნად უნდა იქნეს წარმოდგენილი პარლამენტი, რათა ეროვნული უშიშროების საბჭოში შეხვდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციაზე შეთანხმდნენ.
ჩვენ გვქონდა ღრმა დისკუსია, რა თქმა უნდა, იყო სხვადსხვა შეხედულება, გამოითქვა შენიშვნები და ვიმსჯელეთ დამატებით დეტალებზე, რომლებიც მომავალი პოლიტიკური პროცესის დროს შეჯერდება.
კანონის პროექტი განხილული იქნება პარლამენტში და ჩვენ გვექნება მკაფიო პოზიცია.
ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირება, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის გაზრდა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესება.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო - მუშაობდეს ეფექტიანად და ეს იყოს ადგილი, სადაც პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ეთათბირებიან ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
აქ დგება კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებები სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
ჩვენი მუშაობა და თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და ჩვენ დეტალურად გავივლით ამ შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებს.
ეს არის მომავალი ფორმატი, რომელზეც შევთანხმდით და რაზეც უშიშროების საბჭო და ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს მუშაობას.