სოლიდარობის ფონდს უკვე 14 000-ზე მეტი საჯარო მოხელე შეუერთდა

სოლიდარობის ფონდს უკვე 14 000-ზე მეტი საჯარო მოხელე შეუერთდა

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობის ფონდის სხდომაზე განაცხადა, ფონდში შენატანების განხორციელება ნებაყოფლობითი იქნება, მინიმალური შენატანი კი 1 ლარს შეადგენს.

“ჩვენი მთავრობა მუშაობს ისეთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც მთალიანად ადამიანზე ორინეტირებული. ეს არაერთხელ გვაქვს გაცხადებული და საქმით დამტკიცებული. ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური რეფორმები ჯანდაცვის სფეროში. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი სოლიდარობის გარეშე ქვეყანას, რომელიც ახლა იწყებს ფეხზე დადგომას, ძალიან გაუჭირდება ერთბაშად ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შევქმნათ სოლიდარობის ფონდი. ჩვენმა მთავრობამ 2013 წელს უპრეცედენტოდ გაზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, დაახლოებით, 2 მილიონზე მოქალაქეა დაზღვეული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ამასთან, ჩვენ გადაუჭრელი დაგვრჩა მთელი რიგი ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებები, რომელბიც დღეს არსებული სახელმწიფო რესურსებით სრულად ვერ დაიფარება. სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვედით ინიციატივით, რომ შევქნათ ფონდი, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი და კერძო სექტორის თანამონაწილეობას იმისთვის, რათა მოხდეს ალტერნატიურლი არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება. ამით შესაძლებელი გახდება ყველაზე უფრო მტკივნეული და გადაუჭრელი საკითხების მოგვარება, მთელი საზოგადოება ჩვენი სოლიდარობით შეძლებს უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას. ასევე პრიორიტეტული სოციალური საჭიროებების დაფინანსებას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ფონდი შეივსება სოლიდარობის პრინციპით, ანუ როგორც ინდივიდუალურად მოქალაქეების, ისე კორპორაციების ნებაყოფლობითი შენატანებით. ფონდის მმართველობას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო და მასში სამთავრობო სექტორთან ერთად ჩართული იქნება არასამთავრობო და კერძო სექტორი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამასთან, პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომლებიც უკვე შეუერთდნენ სოლიდარობის ფონს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ახალი ინიციატივა ბევრი დადებითი პროცესის საფუძველი გახდება.