ლუგანსკში, დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილზე 15 ცხედარი იპოვეს

ლუგანსკში, დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილზე 15 ცხედარი იპოვეს

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სპიკერის,  ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ლუგანსკის ოლქში, დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილზე , 15 ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

"ადგილზე სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაპოვნია 15 ცხედრის ნაწილები. სამუშაოები დღესაც გაგრძელდება", -  აღნიშნა ანდრეი ლისენკომ. 

ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილთა კოლონა გუშინ დაცხრილეს. უკრაინული მხარის განცხადებით, "ბოევიკებმა" კოლონაზე თავდასხმა "გრადის" დანადგარებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, დევნილების კოლონა სამხედრო მანქანებით გადაადგილდებოდა, თუმცა მათ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი – კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. 

უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკების" განცხადებით, მომხდართან მათ კავშირი არ აქვთ.