პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - უმაღლესი მთავარსარდლობა პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებაა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - უმაღლესი მთავარსარდლობა პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებაა

უმაღლესი მთავარსარდლობა პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილებაა და, რაც უნდა ჩაიწეროს კანონში, კონსტიტუციას ვერავინ ვერსად გაექცევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ თავდაცვის სამინისტროს ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, უფლებამოსილება ეზღუდება.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის შინაარსობრივ ნაწილს ჯერ არ გაცნობიან და აღნიშნულზე კონკრეტული შეფასების გაკეთება მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ცვლილებათა პროექტზე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს.

"რამდენადაც ვიცი, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა კანონპროექტის განხილვა არ დაწყებულა. საკანონმდებლო პროცესის საწყისი სტადიაა, რომ ინიცირებული კანონპროექტები გადის საპარლამენტო კომიტეტებში, თუმცა ამ კანონპროექტის განხილვა კომიტეტებში არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, მიჭირს დეტალებზე საუბარი. პროექტს რა სახე აქვს დღესდღეობით, ეს არ ვიცით. როცა მასზე მუშაობა დაიწყება, მერე შეგვეძლება შეფასების გაკეთება, თუმცა ზოგადად არასერიოზულია პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებების შეზღუდვაზე საუბარი, რადგან მთავარსარდლობა არის პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილება - კონსტიტუციაში არის რიგი ფუნქციებისა, რომელიც მთავარსარდლობას უკავშირდება, ეს პრეზიდენტის პოლიტიკურ- სამართლებრივი ფუნქციაა. შესაბამისად, კანონში შეიძლება რაღაცეები ჩაიწეროს, მაგრამ კონსტიტუციას ვერავინ ვერსად გაექცევა", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია.

როგორც თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.