ექიმები მაღალი რისკის მქონე პაციენტებს რჩევებს აძლევენ

ექიმები მაღალი რისკის მქონე პაციენტებს რჩევებს აძლევენ

ექიმები ცხელ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას ბავშვებს, მოხუცებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს ურჩევენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განუცხადა, ცხელ დღეებში მაღალი რისკის ქვეშ განსაკუთრებით აღნიშნული პირები არიან. ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს მიეკუთვნებიან გულ-სისხლძარღვთა, ჭარბი წონის, ენდოკრინული სისტემის და სხვა ქრონიკური დაავადებების მქონე პაციენტები. 

მისივე განცხადებით, ცხელ დღეებში დიდი ოდენობით სითხის მიღება აუცილებელია, კერძოდ, წყლის და მინერალური წყლის. სტურუას განმარტებით, სითხეებში არ შედის ტკბილი სითხეები და ალკოჰოლი. არ არის სასურველი ძალიან ცივი სითხეების მიღება, რადგან შესაძლოა ამან კუჭის სპაზმი გამოიწვიოს. 

"ქრონიკულად დაავადების მქონე პირებისთვის გარკვეულ შემთხვევებში დიდი ოდენობით წყლის მიღება რეკომენდირებული არ არის და ამდენად, მათ ექიმთან კონსულტაციის შედეგად უნდა დაადგინონ, რა ოდენობით წყალი უნდა მიიღონ დღეში. ზოგადად ჯანმრთელ ადამიანს დღეში 2-3 ლიტრი წყალი ესაჭიროება. ბავშვების მშობლებს უნდა ვუთხრათ, რომ დაძალება რომ დასჭირდეთ, ბავშვებს სითხე უნდა მიაღებინონ. ასევე მოხუცები უნდა გაუფრთხილდნენ თავს, რადგან მათ წყურვილი ნაკლებად აწუხებთ და დეჰიდრატაციის მაღალი რისკის ქვეშ არიან. სასურველია, ყველას სახლიდან გასვლისას თან ჰქონდეს ბოთლით წყალი", - აღნიშნა ლელა სტურუამ.

მისივე განცხადებით, ასევე ცხელ დღეებში მოსახლეობა შუადღის საათებში სახლიდან გასვლას მაქსიმალურად უნდა მოერიდოს. 

"საქმეები ესე უნდა დაგეგმონ, რომ მათ დილით ადრე, ან საღამოს გვიან მოუწიოთ სახლიდან გასვლა. მზის პირდაპირი ზემოქმედების შემთხვევაში კი თავზე უნდა დაიფარონ ქუდი და მზის სათვალით დაიცვან თვალები. წაისვან კრემი დამცავი ფაქტორებით, რომლის შემცველობა უნდა იყოს 30 და მეტი. უნდა ჩაიცვან ღია ფერის ბუნებრივი მასალის სამოსი", - დასძინა სტურუამ.
სპეციალისტი ურჩევს მოსახლეობას, ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს მშობლებმა ბავშვები სახლიდან გაიყვანონ. კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ისეთ ადგილებში, სადაც სიგრილეა. თუნდაც მეტროებსა და სუპერმარკეტებში. საცხოვრებლებში ხშირად გაანიავონ ოთახები. 

სტურუას თქმით, სითბური ანუ მზის დაკვრის დროს პაციენტს მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, თავბრუსხევა აღენიშნება. ასეთ დროს მოსახლეობამ ექიმს უნდა მიმართოს. 

გარუჯვის მსურველებს სპეციალისტი ასევე ურჩევს, რომ რუჯის მიღება მხოლოდ დილით 11:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათის შემდეგ შეიძლება.