პოროშენკო – უკრაინაში შემოჭრილი რუსეთის ჯავშანტექნიკის ნაწილი განადგურებულია

პოროშენკო – უკრაინაში შემოჭრილი რუსეთის ჯავშანტექნიკის ნაწილი განადგურებულია

რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შემოსული სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. "უნიან"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, უცხოური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ტექნიკის უკრაინაში შეჭრის შესახებ, სრულიად სარწმუნო და გადამოწმებულია.

უკრაინის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის ღია მონაკვეთიდან უკრაინაში რუსული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება შემოსვლას განაგრძობს.

უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვნელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ ტექნიკის რაოდენობას არ დაასახელებს, მაგრამ ადასტურებს, რომ სათანადო ქმედებების შედეგად, ამ რუსული სამხედრო კოლონის ნაწილი განადგურებულია. მისი თქმით, აქტიური მოქმედებები მათ გასანადგურებლად კვლავ მიმდინარეობს და დანარჩენ დეტალებს ჟურნალისტებს დღის ბოლოსთვის მიაწვდის.