ირაკლი ღარიბაშვილი - ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე

ირაკლი ღარიბაშვილი - ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე "საიდუმლო" გრიფის მოხსნას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე. 

როგორც ღარიბაშვილმა "ინტერპრესნიუსს" შესაბამის შეკითხვაზე კომენტირებისას განუცხადა, ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და მას ამდენი დრო არ სჭირდებოდა.
"პროკურატურამ დაასრულა საქმეზე მუშაობა და სწორედ ამიტომ გაკეთდა მოთხოვნა მასალებზე გრიფის მოხსნის თაობაზე. ჯობია, პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ერთი თვე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. ეს, ზოგადად, ძალიან მარტივი პროცედურაა. მითუმეტეს, ჩვენთვის, თითოეული მოქალაქისთვის ნაცნობი იყო, რომ ხდებოდა ასეთი ხარჯების გაწევა. გირჩევთ, მიმართოთ პრეზიდენტს და ჰკითხოთ, რატომ დასჭირდა ამდენი დრო? – მე არ ვიცი, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა და არ სჭირდებოდა ამდენი დრო", - განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარმა პროკურატურამ, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით გაასაჯაროვა საიდუმლო მიმოწერა მთავარ პროკურატურასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის. საქმე ეხება პროკურატურის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნილ ორ წერილს (12 ივლისს და 6 აგვისტოს), რომელშიც პროკურატურა პრეზიდენტს სთხოვდა, 2009-2013 წლებში სდსს-ისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების მასალების ნაწილისთვის გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა წერილს პროკურატურის მხრიდან დაედო გრიფი "საიდუმლო", ე.ი. კანონმდებლობის მიხედვით, საქმე გვაქვს საიდუმლო წარმოებასთან, თუმცა პროკურატურის მიერ მოხდა წერილების გაგზავნის ფაქტისა და შინაარსის ნაწილობრივი გასაჯაროება მედიასთან მაშინ, როცა მათ გრიფი მინიჭებული ჰქონდა თავად პროკურატურის მხრიდან. 

მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ "სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია".