დენიელ ფეიტა - ნატო-ს ახალ შეთავაზებაში შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს

დენიელ ფეიტა - ნატო-ს ახალ შეთავაზებაში შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს

ნატო-სა და ევროპის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მეორე მოადგილის დენიელ ფეიტას აზრით, ნატო-ს მიერ საქართველოსთვის შეთავაზებულ თანამშრომლობის ახალ პაკეტში შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს.

ამის შესახებ ფეიტამ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

"სამიტი მთლიანად ნატო-ს ამჟამინდელ წევრებს დაეთმობა, რაც, ჩემი აზრით, მცდარი მიდგომაა. ნატო გარკვეულწილად დაიღალა გაფართოების პროცესით. თუმცა, ამასთან არის გაურკვევლობა, ძირითადად ევროპელებში, თუ რომელ ქვეყანას შესთავაზოს ალიანსმა წევრობა. 2008 წელს იყო საქართველოს და უკრაინის ნატო-სთან დაახლოების ბიძგი, მაგრამ გარე ფაქტორებმა ეს პროცესი შეანელა. თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით ზოგადად, ევროპასთან დაახლოება არ შენელებულა. ისტორიაში პირველად, შეიძლება მოწმე გავხდეთ იმისა, რომ ქვეყნები უფრო სწრაფად გადავიდნენ ევროკავშირის წევრობის მომდევნო საფეხურზე, ვიდრე ნატო-ს წევრობის იმავე ეტაპზე. ჩემი აზრით, საქართველოს ნატო-სთან უფრო ახლო დგომის შესაძლებლობა უნდა დაფიქსირდეს ალიანსის მხრიდან, იმაზე მეტად, ვიდრე ახლა გვაქვს", - განაცხადა ფეიტამ.

მისივე თქმით, გენერალური მდივანი ცდილობს შეიმუშაოს მექანიზმი საიმისოდ, რომ მოკავშირეებმა შეაფასონ, რამდენად უახლოვდება საქართველო ნატო-ს წევრობას, მაგრამ ამასთან ერთად, ახალი პაკეტის დანიშნულება ისიცაა, რომ საქართველოში პროდასავლურ ძალებს იმის შეგრძნება განუმტკიცოს, რომ დასავლეთს კვლავინდებურად სურს ალიანსში საქართველოს მიღება. 

"პაკეტი გაწერს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ სამხედრო თვალსაზრისით თუ მართვის კუთხით. ამასთან, შეიძლება ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც საბოლოო ჯამში რუსეთთან არსებულ ტერიტორიულ დავას გადაწყვეტს", - განაცხადა დანიელ ფეიტამ.