დენიელ ფეიტა - საქართველოს მთავრობამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ძალაუფლების გადაცემა შესაძლებელია ანგარიშსწორების გარეშე

დენიელ ფეიტა - საქართველოს მთავრობამ ყველას უნდა დაანახოს, რომ ძალაუფლების გადაცემა შესაძლებელია ანგარიშსწორების გარეშე

ნატო-სა და ევროპის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მეორე მოადგილის დენიელ ფეიტას განცხადებით, "ზოგიერთი გახმაურებული დაკავება პოლიტიკური შეხედულებებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ფაქტებით".

ამის შესახებ ფეიტამ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი პირადი აზრია, რომ მთავრობამ ყველას უნდა დაანახოს, რომ შესაძლებელია ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ანგარიშსწორებისა და "კუდიანებზე ნადირობის" გარეშე. მე არ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია. თუ მართლაც იყო ასეთი ფაქტები, ახლანდელი და ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დემოკრატიული ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, შეისწავლოს წინა დარღვევები. მაგრამ ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და არ უნდა იქმნებოდეს "კუდიანებზე ნადირობის" შთაბეჭდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოებაში შეიქმნება შეხედულება, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხრივ პროგრესი არ შეინიშნება და თუ არ ხარ დემოკრატი, მაშინ ნატო-ს წევრი ვერ გახდები. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი ქმედება შეკითხვას აჩენს იმაზე, არის თუ არა საქართველო პოლიტიკურად და დემოკრატიულად სათანადოდ შემდგარი ქვეყანა იმისთვის, რომ ალიანსის წევრი გახდეს", - განაცხადა ფეიტამ. 
კითხვაზე, ბოლოხანს განხორციელებული დაკავებები ქმნის თუ არა შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება შეფერხდა, დანიელ ფეიტა პასუხობს, რომ "რთული სათქმელია". 

"მყავს უამრავი მეგობარი და მე თავად კვლევითი ორგანიზაციის წევრი ვიყავი, რომელიც დემოკრატიულ განვითარებას და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს შეისწავლიდა. ვიცი, რომ გამოქვეყნდა რამდენიმე ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ნაბიჯი გამართლებული არ იყო, თუმცა ამავე დროს, იყო ნაბიჯები, რომლებსაც მყარი საფუძველი ჰქონდა. რთულია იმის თქმა, შეფერხდა თუ არა საქართველოში დემოკრატიული განვითარება. მთავარი ფაქტორი მასშტაბებია. კონკრეტული ადამიანების ვინაობა რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ დაკავებების მასშტაბებს შევხედოთ, პოლიტიკური ანგარიშსწორების, შურისძიების სურვილის შთაბეჭდილება იქმნება, რაც დემოკრატიისთვის ჯანსაღი მდგომარეობა არ არის. თუ დაკავებები ფაქტებს ეფუძნება, ისინი გამართლებულია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, რომ უამრავ ადამიანს იჭერენ იმისთვის, რომ მათ მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. არ ვამბობ, რომ საქართველოშიც ასეა, მაგრამ ბევრი კომენტარი იქნა იმაზე გაკეთებული, რომ ზოგიერთი გახმაურებული დაკავება პოლიტიკური შეხედულებებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ფაქტებზე დაყრდნობით", - განაცხადა ფეიტამ.