კურტ ვოლკერი - ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა ქვეყნის იზოლირებას იწვევს, რასაც რუსეთი გამოიყენებს

კურტ ვოლკერი - ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა ქვეყნის იზოლირებას იწვევს, რასაც რუსეთი გამოიყენებს

ნატო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩის, კურტ ვოლკერის შეფასებით, ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია , ქვეყნის იზოლირებას იწვევს, რასაც რუსეთი გამოიყენებს.

ამის შესახებ ვოლკერმა საქართველოში ყოფილი მღალაჩინოსნების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნის ფაქტის შეფასებისას, "ამერიკის ხმის" ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ, ეს პროცესები საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. საქართველო დასავლეთისკენ ისწრაფვის. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა საფუძველი ყოფილი მაღალჩნოსნებისათვის წაყენებულ ბრალდებებსა და დაკავებას, დასავლეთში მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, ხოლო საქართველო არ არის შემდგარი დემოკრატია. გარე დამკვირვებლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ომი მიმდინარეობს, რაც საქართველოს იზოლირებას იწვევს. ქვეყანა თითქოს მარტო დგას. რუსეთი ამ გარემოებას საქართველოსა და მთელ რეგიონზე საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად გამოიყენებს. ეს პროცესი საზიანოა საქართველოს დასავლური მისწრაფებებისთვის. დასავლეთ ევროპაში დაიღალნენ გაფართოებით და აღარ სურთ ნატოსა და ევროკავშირში ახალი წევრების მიღება. მათ მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მათგან დიდად განსხვავდებიან და თან რუსეთის გავლენის სფეროს წარმოადგენენ. დასავლეთის თვალში ამ შეხედულების გამყარება საქართველოს კიდევ უფრო გაურთულებს საქმეს", - განაცხადა ვოლკერმა.

მისივე თქმით, თავად რომ საქართველოს მთავრობის ადგილზე იყოს, გამოიკვლევდა დარღვევებს და გაასაჯაროებდა ყველა დიდ შეცდომას, მაგალითად, თუ ჩადენილია ომის დანაშაული, ჩატარდეს გამოძიება, დადგინდეს ფაქტები და მოხდეს მათი გასაჯაროება, თუმცა შემდეგ მთავრობას შეუძლია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება - დააპატიმროს დამნაშავე თუ გამოაცხადოს გარკვეული ამნისტია. 

"ამის არაერთი მაგალითი არსებობს სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში სიმართლის კომისიების სახით. უნდა გითხრათ, რომ ამ ქვეყნებში გაცილებით მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, ვიდრე საქართველოში. ადამიანის გასამართლება შეიძლება, მაგრამ ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს. სასამართლო პროცესების მიზანი ადამიანის დასჯა კი არა, საზოგადოებისათვის მიყენებული ტკივილის მოშუშება უნდა იყოს. მერე კი უნდა დაიწყოს საბაზრო ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვა. დღევანდელი პროცესები ქვეყნის დანაწევრებას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ვხედავთ წინასწარ დაკავებებს სათანადო მტკიცებულებების გარეშე, რაც პოლიტიკური მოტივაციის შთაბეჭდილებას ქმნის და ასუსტებს ნდობას საქართველოს დემოკრატიისადმი", - განაცხადა ვოლკერმა.

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე დაკავებები საზოგადოებამ, შეიძლება, კანონის უზენაესობის ნაწილად მიიჩნიოს, მაგრამ დაკავება მხოლოდ სამხილების წარდგენის შემდეგ უნდა განხორციელდეს. 

"საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რა სურს - წარმოჩნდეს, როგორც მთავრობა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს დევნის, თუ მთავრობა, რომელმაც საქართველოს ისტორიის მორიგი მძიმე ფურცელი გადაშალა და უკეთესი მომავლის მშენებლობას მოკიდა ხელი", - დასძინა ვოლკერმა.