"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეების შესწავლას ითხოვს

თბილისის საკრებულოს "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - რეფორმატორის" წევრი ქეთი ქოჩორაშვილი სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან საკრებულოს გათავისუფლებული თანამშრომლების საქმეების შესწავლას ითხოვს.

როგორც დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს უმცირესობის წევრმა ქეთი ქოჩორაშვილმა განაცხადა, საკრებულოს აპარატიდან გათავისუფლებული 22 თანამშრომელის საქმე შესწავლას საჭიროებს. მისი თქმით, სახალხო დამცველმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლებმა უნდა შეისწავლონ და დადგინონ, რამდენად კანონიერად მოხდა ამ ადამიანების გათავისუფლება.

ქოჩორაშვილის თქმით, საკრებულოს აპარატის ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, კერძოდ, გაურკვეველია, თუ როგორ მოხდა აპარატის თანამშრომელთა გადარჩევის კრიტერიუმის განსაზღვრა. მისივე თქმით, საკრებულოში 22 თანამშრომლის გათავისუფლების შემდეგ 40 ახალი შტატი შეიქმნა. იგი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მიიჩნევს.

საკრებულოს უმცირესობის წევრის ქეთი ქოჩორაშვილის ამ განცხადებას დღესვე საკრებულოს აპარატის უფროსი გიორგი ფიცხელაური გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ფიცხელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით მოხდა. მან უარყო პოლიტიკური ნიშნით 22 თანამშრომლის გათავისუფლება და 40 ახალი შტატის შექმნა.

ფიცხელაური აცხადებს, რომ საკრებულოს აპარატის 22 თანამშრომელი სამსახურიდან სხვადასხვა განყოფილებების შეერთების შედეგად გათავისუფლდა.