ერეკლე ტრიპოლსკი ემზარ გოგუაძის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს

ერეკლე ტრიპოლსკი ემზარ გოგუაძის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს

დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ემზარ გოგუაძის ბრალდებებს სისულელეს უწოდებს. 

როგორც ტრიპოლსკიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არანაირი ზეწოლა მას ბორდზე და მის წევრებზე არ განუხორციელებია. ტრიპოლსკი ხაშურში გამართულ შეხვედრასაც უარყოფს.

"მისი განცხადება სისულელა. მე მგონი, ავად არის ბატონი ემზარი. რა ზეწოლაზეა ლაპარაკი, მსგავსი არაფერი ყოფილა. ხაშურში რატომ შევხვდებოდი, შეხვედრა რომ მდომოდა თბილისში შევხვდებოდი. თავის ბორდის წევრებს აყენებს შეურაცხყოფას. არც ერთ მის წევრს არ ვიცნობ და რა ზეწოლაზე საუბრობს გაურკვეველია", - აღნიშნა ტრიპოლსკიმ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის მტკიცებით, მას დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა. როგორც ემზარ გოგუაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერეკლე ტრიპოლსკიმ ხაშურში შეხვედრისას, მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე გადარწმუნება სცადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორდის დაშლით დაემუქრა.