"ბანკი ქართუ" გულიკო ერისთავის განცხადებას პასუხობს

"ბანკი ქართუ" გულიკო ერისთავის 1-ლი ოქტომბრის განცხადებას პასუხობს, რომელმაც ბანკისგან შპს "ბარაკონთან" დაკავშირებით ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. 

"ბანკი ქართუს" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც პრესკონფერენციის მასალიდან ირკვევა, გულიკო ერისთავი სს "ბანკი ქართუსგან" მოითხოვს ზარალის ანაზღაურებას, თუმცა მოტანილი ფაქტობრივი გარემოებების გაცნობისთანავე (რომელთა უდიდესი ნაწილი აშკარად დამახინჯებული ან/და სულაც მცდარია) ნათელი ხდება, რომ ერთი მხრივ, გ. ერისთავის და შპს "ბარაკონის" გარშემო არსებულ პრობლემატიკასა და მეორე მხრივ, სს "ბანკ ქართუს" შორის რაიმე სახის ფინანსური ან სხვა ვალდებულები არ არსებობს და აი, რატომ:

1. სს "ბანკი ქართუ" არასდროს ყოფილა და არც არის სს კბ "აბსოლუტბანკის" მესაკუთრე ან მისი სამართალმემკვიდრე. 2001 წლის 17 აპრილს ამ ორ ბანკს შორის გაფორმებული უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ("აბსოლუტბანკისგან" გადმოკისრებული ვალის სანაცვლოდ) "ბანკ ქართუს" "აბსოლუტბანკისგან" დაეთმო მხოლოდ ის მოთხოვნები და უფლებები, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია მხარეთა შორის გაფორმებულ მიღება–ჩაბარების აქტებში; ანუ გ. ერისთავი შეგნებულად ამახინჯებს ფაქტებს, როდესაც აცხადებს, რომ "ბანკი ქართუს" საკუთრებაში გადავიდა "აბსოლუტბანკი" – რადგანაც "ბანკი ქართუ" მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებელია მხოლოდ მიღებული უფლებებისა და ვალდებულებების ფარგლებში და არა "აბსოლუტბანკის", როგორც იურიდიული სუბიექტის ყველა ვალდებულებაზე. ზემოაღნიშნული გადმოკისრებული ვალი ის მრავალმილიონიანი ფულადი ვალდებულებაა, რომელიც "ბანკმა ქართუმ" დაუყოვნებლივ გაუსტუმრა ფაქტობრივად გაკოტრებული "აბსოლუტბანკის" მეანაბრეებსა და სხვა კლიენტებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც, როგორც მინიმუმ, ცდება ქალბატონი გულიკო, როდესაც "ბანკი ქართუსთვის" გადმოკისრებული ვალის ოდენობად 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარს ასახელებს.

2. გარიგების შედეგად, სხვა აქტივებთან ერთად, "ბანკ ქართუს" გადაეცა შპს "ბარაკონთან" დაკავშირებული საკრედიტო საქმე, რომელშიც დაცულია შპს "ბარაკონსა" და სს კბ "აბსოლუტბანკს" შორის არსებული საკრედიტო ურთიერთობების ამსახველი ოფიციალური იურიდიული დოკუმენტაცია. მათგან გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან მოცემულობას, რომლებიც თავის მხრივ, სრულ წინააღმდეგობაშია პრესკონფერენციაზე გ. ერისთავის გამოთქმულ მოსაზრებებთან და ბრალდებებთან, კერძოდ - საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სს კბ "აბსოლუტბანკსა" და შპს "ბარაკონს" შორის 1997 წლის 14 ნოემბერს და 1997 წლის 16 დეკემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, "ბარაკონის" დირექტორმა თენგიზ ასათიანმა "აბსოლუტბანკის" სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გაიტანა 250 000 აშშ დოლარი (სალაროს გასავლის ორდერები დაცულია საქმეში). გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თენგიზ ასათიანი იმავდროულად გახლდათ შპს "ბარაკონის" დამფუძნებლის გ. ერისთავის მეუღლე (?!). იმ დროს, ისევე როგორც დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დირექტორი წარმოადგენს კომპანიის (შპს-ს) უფლებამოსილ წარმომადგენელს და კომპანიის სახელით განხორციელებული მისი ქმედება იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას ნიშნავს; ანუ ქალბატონი გულიკო ერისთავი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ "ბარაკონს" კრედიტი არ მიუღია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, კრედიტის აღებიდან მალევე მეუღლეთა შორის დაიწყო ქონებრივი დავა, რომელიც 1998 წლის 15 აპრილს შპს "ბარაკონის" დირექტორის თანამდებობიდან თ. ასათიანის გათავისუფლებით და გ. ერისთავის დანიშვნით დასრულდა (გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე თ. ასათიანმა, როგორც "ბარაკონის" დირექტორმა, ბანკიდან კვლავ გაიტანა თანხა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით). შესაბამისად, თუკი დავუშვებთ შესაძლებლობას, რომ კომპანიის დირექტორმა აღებული კრედიტი დანიშნულებისამებრ არ გამოიყენა, აშკარაა არა კრედიტის გაუცემლობა, როგორც ამას გ. ერისთავი აცხადებს, არამედ სისხლისამართლებრივად დასჯადი ქმედება შესაბამისი სამართლებრივი შედეგებითურთ. აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოებაც: ანგარიშის არქონის პირობებში, შპს "ბარაკონი" ფიზიკურად ვერ განახორციელებდა საკრედიტო ანგარიშსწორებას, ანუ სესხის მომსახურებას თუნდაც კრედიტის თანხის ათვისებით (ნაღდი ანგარიშსწორებით ბანკის სალაროდან თანხის გატანას). "ბარაკონს" ანგარიში გახსნილი ჰქონდა "აბსოლუტბანკში" და ამ შემთხვევაშიც ცდება ქალბატონი გ. ერისთავი.

საქმეში არსებული დოკუმენტაციით ასევე დასტურდება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გამოყოფილი სესხით, "აბსოლუტბანკმა" განახორციელა "ბარაკონის" საკრედიტო ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია, რომლის მომსახურების უზრუნველსაყოფად, 1998 წლის ივნისში ჩაერთო კორპორაცია "საველიჩი": ამ უკანასკნელმა ბანკის სასარგებლოდ დააგირავა 910 ტონა საწვავი, ამასთანვე, თავდებად დაუდგა შპს "ბარაკონს" სს კბ "აბსოლუტბანკის" წინაშე აღებული კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვის ვალდებულებით. ამ შემთხვევაშიც გაუგებარია ის, თუ რა მოტივით და რა მიზნით იტვირთა კორპორაცია "საველიჩმა" "აბსოლუტბანკის" წინაშე სოლიდური პასუხისმგებლობა ქალბატონ გ. ერისთავის გვერდის ავლით (გ. ერისთავი აცხადებს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ამ ურთიერთობების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, გ. ერისთავის განცხადების საფუძველზე, "საველიჩის" მიმართ მიმდინარეობდა

სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა გამოძიების შედეგები ჩვენთვის უცნობია). საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო "აბსოლუტბანკმა" უკვე 1998 წლის 7 სექტემბერს მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო წარწერის განხორციელების მიზნით, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის განჩინებით, მცხეთაში, სამხედროს ქ. #59-ში მდებარე შპს "ბარაკონის" კუთვნილი კერამიკისა და სუვენირების ქარხნის იძულებითი რეალიზაცია (იძულებითი აუქციონი) "აბსოლუტბანკის" წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანების გადახდევინების მიზნით მცხეთის სააღსრულებო ბიუროს დაევალა.

3. ჩამოთვლილი გარემოებების ფონზე, 2001 წლის მაისში მოთხოვნის უფლება გადაეცა სს "ბანკ ქართუს". იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2003 წლის 6 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მცხეთის რაიონული სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება, სს "ბანკმა ქართუმ" საქმის წარმოების პროცესში დაადგინა, რომ შპს "ბარაკონს" ერიცხებოდა სოლიდური საგადასახადო დავალიანება, დაყადაღებული იყო მისი აქტივები და ანგარიშები; ამასთანავე, მცხეთაში მდებარე კერამიკული ქარხანა დადგენილი წესით არ ირიცხებოდა შპს "ბარაკონის" საკუთრებაში, ანუ ფაქტობრივად შპს "ბარაკონი" გადახდის უუნარო იყო. ამიტომაც "ბანკმა ქართუმ" მიიღო გადაწყვეტილება "ბარაკონის" მიმართ სამოქალაქო დავის შეწყვეტის შესახებ, რომლის ღირებულება, "აბსოლუტბანკისგან" მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, 400 000 ლარს სცილდებოდა.

4. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ქალბატონ გულიკო ერისთავის მხრიდან "ბანკ ქართუსგან" ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რბილად რომ ვთქვათ, არაადეკვატური სურვილია. იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არსებობდეს ორი უმნიშვნელოვანესი დეტალი: ზიანის ფაქტი და კავშირი ზიანის დადგომასა და კონკრეტული პირის ქმედებას შორის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ბანკმა ქართუმ" "ბარაკონის" მიმართ ყოველგვარი სამოქალაქო დავა ჯერ კიდევ 2007 წელს შეწყვიტა და თანაც ისე, რომ რეალურად გ. ერისთავის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების არც ერთი ღონისძიების (ყადაღა, ქმედების აკრძალვა და ა.შ) გამოყენება არ მოუთხოვია; ანუ არ განუხორციელებია შპს "ბარაკონისათვის" კანონით გათვალისწინებული ზიანის მომტანი და შემზღუდველი ქმედებებიც კი და თუ ზიანი მართლაც არსებობს (რაც თავისთავად კანონით დადგენილი ფორმით უნდა დადასტურდეს), მისი წარმოშობისა და გ. ერისთავისთვის მიყენების ფაქტები და გარემოებები დროში წინ უნდა უსწრებდეს სს "ბანკ ქართუსა" და სს კბ "აბსოლუტბანკს" შორის უფლებებისა და მოთხოვნების დათმობის შესახებ ხელშეკრულების დადებას (2001 წელი).

დასკვნის სახით ქალბატონ გ. ერისთავს გულწრფელად მოვუწოდებთ, ფაქტებისა და გარემოებების შეფასებისა და მხოლოდ მკაცრი ანალიზის შემდგომ გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები დარღვეული უფლების დაცვასა და ზიანის ანაზღაურებაზე; ასეთის არსებობის შემთხვევაში კი, მოითხოვოს იმ პირებისგან, რომელთაც შესაძლოა, ბრალი მიუძღვით ზიანის დადგომაში, მით უმეტეს რომ შპს "ბარაკონის" გადახდისუუნარობამ ისედაც სოლიდურად დააზარალა სს "ბანკ ქართუ".

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დარღვეული უფლების აღდგენა სასამართლო წარმოებითაა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.