ქეთევან ციხელაშვილი:  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ელჩების ვიზიტი დასტურია, რომ მსოფლიო ოკუპაციას ეუბნება - არას

ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ელჩების ვიზიტი დასტურია, რომ მსოფლიო ოკუპაციას ეუბნება - არას

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ელჩების ვიზიტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იმის დასტურია , რომ მსოფლიო ოკუპაციას ეუბნება - არას. 

ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც ელჩები და მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.

"ჩვენ ახლა მავთულხლართებთან ვდაგავართ, რაც არის ერთ-ერთი სამარცხვინო ფორმა ოკუპაციის გაგრძელების, რომელიც ცხინვალის მიმართულებით ასე გამოიყურება, აფხაზეთის მიმართულებით ამას მიწათხრილებისა და კედლების ფორმა აქვს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ყველანაირი თვალსაზრისით, იქნება ეს სამართლებრივი, ჰუმანიტარული თუ ა.შ.", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, მავთულხლართები მიუღებელი ფორმაა, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში.

"ამ მავთულხლართების უკან ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც ცხოვრება გაურთულდათ, საკუთარი კარ-მიდამო გაუყვეს ორად და ეს არანაირ ნორმაში არ ჯდება. მადლობას ვეუბნები ელჩებს თანადგომისათვის, ეს იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს გვიჭერს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ხურვალეთის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის და მთავრობის წარმომადგენლები სოფელ დიცში მიემგზავრებიან.