დავით ჯინჭარაძე თბილისის მერიას არასწორი მენეჯმენტის გამო საყვედურობს

დავით ჯინჭარაძე თბილისის მერიას არასწორი მენეჯმენტის გამო საყვედურობს

თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში დარჩენილი 100 მილიონის ნაშთი კარგ მენეჯმენტზე არ მეტყველებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ განუცხადა. 

დავით ჯინჭარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თამაზ შოშიაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თქმით, წლის ბოლომდე თბილისის ბიუჯეტში 180 მილიონი ლარია ასათვისებლად დარჩენილი. ფინანსისტების გათვლებით, ამ თანხიდან მხოლოდ 80 მილიონი დაიხარჯება, 100 მილიონი კი ნაშთის სახით დარჩება.

"როცა დედაქალაქში ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანია და ავარიული სახლია, ნაშთის სახით 100 მილიონი ლარი არ უნდა დარჩეს. ეს კარგ მენეჯმენტზე არ მეტყველებს", - აღნიშნა დავით ჯინჭარაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის ბიუჯეტის მოცულობის შემცირებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს კონსულტაციები საკრებულოს უმცირესობის წევრებთანაც გაიმართება და დედაქალაქს ექნება მომავალი წლის ისეთი ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების ინტერსებზე იქნება მორგებული.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე - რატომ მოხდა, რომ ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი ნაშთად რჩება, ჯინჭარაძემ განმარტა, რომ ეს ფინანსისტებს უნდა ვკითხოთ, კომენტარს ისინი გააკეთებენ.

ჯინაჭარაძემ არ დააკონკრეტა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ნაშთად დარჩენილი 100 მილიონი ლარი დაიხარჯება თუ არა მომავლი წლის ბიუჯეტში იმ პროგრამების დასაფინანსებლად, რომლებზეც საკრებულოს უმცირესობა საუბრობს.

საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობა - განახლებული თბილისის" თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, თბილისის ბიუჯეტის ხარჯები 2014 წელს 100 მილიონით გაიზრდება, ფინანსთა სამინისტრომ კი დედაქალაქს ტრანსფერი 50 მილიონი ლარით შეუმცირა.

საკრებულოს უმცირესობის წევრი ეჭვს გამოთქვამს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამების ნაწილი სრულფასოვნად ვერ განხორციელდება.