ემზარ გოგუაძე:  დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

ემზარ გოგუაძე: დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის მტკიცებით, მას დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა. 

როგორც ემზარ გოგუაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერეკლე ტრიპოლსკიმ ხაშურში შეხვედრისას, მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე გადარწმუნება სცადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორდის დაშლით დაემუქრა.

ამასთან, ემზარ გოგუაძემ ბორდის წევრებზე ზეწოლის შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადებამდე, მასთან კაბინეტში იმყოფებოდა ე.წ. ოდეერი ირაკლი ციბაძე, ხოლო ბორდის წევრ ავთანდილ ანთიძეზე ზეწოლას მაღალჩინოსნები ახორციელბდნენ.

ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, ავთანდილ ანთიძე არის მძიმედ ავადმყოფი, მას ესაჭიროება გულის ოპერაცია, არადა საავადმყოფოში მასთან მაღალჩინოსნები დადიოდნენ და ბორდის დატოვების სანაცვლოდ, მაღალ ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდნენ.

გოგუაძის ინფორმაციით, ანთიძე მას დაცვასა და შს მინისტრთან შეხვედრას სთხოვდა, თუმცა ბორდის თავმჯდომარის ინფორმაციით, მას მინისტრისგან პასუხი არ მიუღია და ერთადერთი, ვინც გოგუაძესთან შეხვედრა ისურვა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო.

ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს ბორდის კიდევ ერთი წევრი ნინო დანელია. მისი თქმით, მაუწყებელს ფინანსური პრობლემები შეექმნება, თუმცა დღეს დარჩენილია თანხა იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებული არ არის, რომ ბორდის წევრებს არ უსმენენ. მისივე ინფორმაციით, მას აქვს ფაქტი, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემალაძის კაბინეტში შევიდა სამეურვეო საბჭოს წევრების სატელეფონო საუბრები დაშიფრულ დაბეჭდილი სახით.

"მთელი ეს ტაკიმასხარაობა წამოწყებულია იმის გამო, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა, როგორც ჩანს, დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მის პოლიტიკურ ხაზს ყველაზე ერთგულად და ეფექტურად ეს მენეჯმენტი გაატარებს. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, ხელისუფლება არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ მენეჯმენტი ცდილობს გაექცეს იმ სავარაუდო ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოკვლევებით გამოიკვეთა" , - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

მისივე ინფორმაციით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ფაქტობრივად ჩავარდა.

"როგორც ჩანს, ვიღაცეების ინტერესში არ შედიოდა ამ კონკურსის ჩატარება",- განაცხადა ემზარ გოგუაძემ.