თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობას მოუწოდებს, ნუ შეასრულებენ ფინანსთა სამინისტროს ნოტარიუსის ფუნქციას

თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობას მოუწოდებს, ნუ შეასრულებენ ფინანსთა სამინისტროს ნოტარიუსის ფუნქციას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი საკრებულოს უმრავლესობას მოუწოდებს ნუ შეასრულებენ ფინანსთა სამინისტროს ნოტარიუსის ფუნქციას. 

როგორც საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტრომ უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით შეამცირა.

შოშიაშვილის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო ამ ქმედებას მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხების აუთვისებლობის შეფერხებით ხსნის. მისივე თქმით, 2010-12 წლებში, სტატისტიკურად დედაქალაქის ბიუჯეტის საკასო შესრულება 95%-დან 99%-მდე შეადგენდა. შოშიაშვილმა აღნიშნა, რომ წელს, მეოთხე კვარტლის საკასო შესრულება მხოლოდ 35-40%-ს შეადგენს, წელი არ დასრულებულა და თანხები კიდევ ასათვისებელია, პროგრამებით შესრულებული სამუშაოები არსებობს, რომელიც დასაფინანსებელია.

ამასთან, შოშიაშვილისთვის გაუგებარია ფინანსთა სამინისტრო რის საფუძველზე ვარაუდობს, 2014 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდას, როდესაც ცენტრალურ ბიუჯეტში ერთ-ერთი საბიუჯეტო პარამეტრი, რომელიც რეალურად გაზრდილია, ფასიანი ქაღალდების გამოშვებაა.

შოშიაშვილის განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტის ზრდა ვალების აღების ხარჯზე მოხდება.

"ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერის შემცირებისას არ გაითვალისწინა მიმდინარე წელს სხვადასხვა დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები, გასულ წელთან შედარებით, ჯამში 100 მილიონი ლარით გაზარდა. მათ შორისაა, დასუფთავების ფიქსირებული ტარიფის შემოღება, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 20 მილიონი ლარი, საბავშვო ბაღებში უფასო სწავლებისათვის 20 მილიონი ლარი, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებისათვის 30 მილიონი ლარი, ავარიული კორპუსების განახლებისათვის 30 მილიონი ლარი", - აღნიშნა თამაზ შოშიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე გასათვალისწინებელია თბილისში 2015 წელს ჩასატარებელი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მომზადებისათვის საჭირო ხარჯები, რომლის დასაფინანსებლად ცენტრალური მთავრობა მხოლოდ 6,5 მილიონ ლარს გამოყოფს, ხოლო დანარჩენი ფინანსური ვალდებულებებს კი, თბილისის ბიუჯეტი იღებს და ეს ხარჯები 70 მილიონ ლარს შეადგენს.

შოშიაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ეთანხმება თბილისის ბიუჯეტის შემცირებას. მან საკრებულოს თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, ნუ შეასრულებენ ფინანსთა სამინისტროს ნოტარიუსის ფუნქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალი წლის ბიუჯეტი ვერ უპასუხებს თბილისის მოქალაქეების ინტერესებს.

შოშიაშვილი თბილისის ბიუჯეტის შემცირებას პოლიტიკურ და უკანონო გადაწყვეტილებას უწოდებს.