ბაჩო ახალაიას ადვოკატები სოზარ სუბარს ადანაშაულებენ

ბაჩო ახალაიას ადვოკატები სოზარ სუბარს ადანაშაულებენ

ბაჩო ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლზე იყო თანახმა, - ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის მონახულების შემდეგ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განუცხადა. 

მისი თქმით, ვიზუალური კონტროლის დროს, არ ხდება ჩაწერა, მხოლოდ მონიტორზე აკვირდებიან პატიმარს. რომეო საჯაიას თქმით, კანონი დაირღვა მონიტორინგის ჯგუფის წევრებისა და პარლამენტის წევრის მიმართაც, რომელსაც იმუნიტეტი იცავს.

ბაჩო ახალაიას ადვოკატები ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ვიდეო-აუდიო ჩანაწერის გაკეთება.

"ნებისმიერი სახის აუდიო და ვიდეო ჩაწერას სჭირდება სასამართლო თანხმობა, ამასთან, ბაჩო ახალაია არც აუდიო და არც ვიდეოჩაწერაზე თანახმა არ ყოფილა, ტყუილია ის, რასაც სად-ის თავმჯდომარე აცხადებს. ამასთან, აუდიო ჩაწერა არავის შემთხვევაში არ ხდება, მაშინ სხვებისაც გვანახონ", - განაცხადა საჯაიამ.

ახალაიას კიდევ ერთი ადვოკატის, გოგა ონიანის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს აუდიო-ვიდეო ჩაწერაზე სასამართლოს შესაბამისი ბრძანება არ გააჩნია, რაც დანაშაულია.
"ვინაიდან სასჯელაღსრულებაში აცხადებენ, რომ ამ ჩანაწერებზე ინფორმაცია ჰქონდა მინისტრს, აქედან გამომდინარე, დანაშაული ჩადენილია მინისტრის ორგანიზებით. ვიდეოკონტროლი არის აბსოლუტურად სხვა რამ, ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, აბსოლუტურად სხვა", - განაცხადა ონიანმა.

ადვოკატების ინფორმაციით, ფარულ აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გავრცელებაზე ბაჩო ახალაია ციხიდან ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს სოციალური ქსელის მეშვეობით.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიხეილ ღურწკაიას განცხადებით, ბაჩო ახალაიას საკანში ვიდეო და აუდიო მეთვალყურეობა მისი თანხმობით ხორციელდებოდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, მეთვალყურეობაში აუდიო და ვიდეო თვალთვალი იგულისხმება.

"ბაჩო ახალაია თანახმაა ვიზუალურ და ელექტრონულ მეთვალყურეობაზე", - განაცხადა ღურწკაიამ და აღნიშნა, რომ ახალაიას თანხმობით, მისი თვალთვალი ამჟამადაც ხორციელდება ე.წ. მატროსოვის ციხეში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარულ ვიდეომასალას ავრცელებს. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში. მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი. ვიდეო მოიცავს მათთან საუბრების ჩანაწერსაც.

მასალა შეიცავს ბრალდებულის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ კადრებს.

ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა ცენტრმა მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა.