დავით ზალკალიანი:  ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩასვლის თხოვნა დიპლომატებისგან წამოვიდა

დავით ზალკალიანი: ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩასვლის თხოვნა დიპლომატებისგან წამოვიდა

ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ჩასვლის თხოვნა დიპლომატებისგან წამოვიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ოკუპაციის ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში გამგზავრებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, იდეა ორი კვირის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გაჩნდა და ეს თხოვნა ელჩებისგან წამოვიდა. ზალკალიანის თქმით, საგარეო უწყება ამას მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება და დღეს აკეთებს ამ ვიზიტის ორგანიზებას.

"ძალიან მნიშვნელოვანია მათ საკუთარი თვალით ნახონ ადგილზე შექმნილი სიტუაცია. ერთია, როდესაც ისინი იღებენ ინფორმაციას ჩვენგან ან სხვადასხვა წყაროებიდან, მაგრამ მთავარი, მე მგონი, მაინც არის უშუალოდ ნანახი სიტუაცია ადგილზე", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მხარდაჭერის კონსოლიდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს უმთავრესი დანიშნულებაა და უწყება ამ მიმართულებით ყოველდღიურად მუშაობს.

"სწორედ ასეთი ჩასვლითა და ვიზიტებით შეძლებენ ისინი მიიღონ ინფორმაცია პირველი წყაროდან. ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ მუშაობის შედეგია უკანასკნელ ხანს ძალიან მაღალი დონიდან ევროკავშირის, ნატოს, აშშ-ის მიერ გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები. მხედველობაში მაქვს ქეთრინ ეშტონის, ანდერს ფოგ რასმუსენის და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები. ეს არ არის მხოლოდ განცხადებები განცხადებებისთვის, რადგან იქ არის საუბარი ზუსტად რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უფლების დარღვევაზე, ცეცხლის შეყვეტის ხელშეკრულების პატივისცემაზე, საუბარია ასევე იმაზე, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მავთულხლართების დამონტაჟება. რაც მთავარია, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში არის მოწოდება, რომ რუსეთმა უკან წაიღოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ქართულ მხარეს სურს მსგავსი განცხადებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მომავალშიც იყოს, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ეს არის საშუალება, რომ ვინც ამ მავთულხლართებს აბამს, მათ თავი კომფორტულად არ იგრძნონ.

რაც შეეხება, დიცში და დვანში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას, ზალკალიანის განცხადებით, გუშინდელი ინფორმაციით, გარკვეულ ტერიტორიაზე მათ აიღეს დამონტაჟებული ბოძები.

"ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, ეს არის გამოძახილი იმის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთდა განცხადებები, თუ სხვა რაიმე მიზეზი . ზუსტად თუ რა არის ამის გამომწვევი მიზეზი, მე არ შემიძლია ვთქვა, ადგილზე ჩავალთ და ვნახავთ სიტუაციას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.