"რია ნოვოსტი" - საქართველოდან რუსეთში იარაღის შეტანისთვის დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელსაც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის გავლით, ცეცხლსასროლი იარაღი შეჰქონდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიღებულ იქნა ინფორმაცია იარაღის მიწოდების მეთოდებზე, ასევე ამ დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ. ბოროტმოქმედები იარაღს საქართველოში ყიდულობდნენ და სამხრეთ ოსეთის გავლით შემოჰქონდათ რუსეთში", - ნათქვამია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაჯგუფებას შემუშავებული ჰქონდა სქემა, რომლის მიხედვით ისინი ქირაობდნენ საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ ტაქსის მძღოლებს და სოლიდური თანხის სანაცვლოდ სთხოვდნენ მათ იარაღის გადატანას საზღვარზე ისე, რომ მძღოლებმა არაფერი იცოდნენ, რა იდო შეფუთვაში. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ, უკვე რუსეთის ტერიტორიაზე კი, ტაქსის მძღოლებს ე.წ. გადამზიდი ხვდებოდათ.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაცია "ნიჟნი ზარამაგის" გამშვებ პუნქტთან ახლოს ჩატარდა. ოპერაციის შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი CZ-75B და ხუთი საბრძოლო მასალა. მიმღები სამხრეთ ოსეთის მკვიდრი აღმოჩნდა.

ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს კრიმინალური ქსელის გასაშიფრად, რომელსაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ კონტრაბანდული იარაღით სავარაუდოდ, ჩრდილო-კავკასიაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფება მარაგდებოდა.