სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

სტუდენტები ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

13 ოქტომბერს, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - "შეაჩერე ანექსია" გაიმართება და ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება.

როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის საოკუპაციო ჯარი ე.წ. სასაზღვრო ზოლის გადმოწევასა და ქართული სოფლების ანექსირებას აგრძელებს. ამავდროულად, ოკუპანტებმა სოფელ დვანის მოსახლეობა აიძულეს, რომ ოკუპირებულ ზოლში დარჩენილი სახლები დაეცალათ და მათი დემონტაჟი მოეხდინათ.

"ჩვენ, სტუდენტების ნაწილი ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მომხდარი ფაქტის, მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება. ვაპირებთ, რომ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გავმართოთ თვითორგანიზებული მანიფესტაცია. 13 ოქტომბერს, კვირას, 15:00 საათზე, თბილისის, რუსთავის, თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებზე 15 წუთის განმავლობაში ჩავდგეთ ცოცხალ ჯაჭვში, რათა საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც ჩვენს პოლიტიკურ მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს დავანახოთ, რომ პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავებების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეების აბსოლიტური უმრავლესობა არ ეგუება და ერთიანი ძალებით იბრძვის მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

სტუდენტების თქმით, დღეს საღამოს, ფეისბუქის საშუალებით გაკეთდება ღონისძიება, სადაც მითითებული იქნება იმ ქუჩების დასახელებები, სადაც შეიკრიბება ხალხი და შეკრავს ცოცხალ ჯაჭვს.
ამასთან, უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში მზად იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მიმართვები,მოწოდებები აღნიშნულ მანიფესტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მომავალი კვირის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები თელავის, გორის, ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტებს გეგმას გააცნობენ და საორგანიზაციო საკითხებში ჩართავენ.

"აქცია იქნება დამოუკიდებელი და არ გადაიხრება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერისკენ", - აცხადებენ სტუდენტები.

აქციის გამართვის შესახებ სტუდენტები, დღეს 13.30 საათზე "ინტერპრესნიუსის" ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ.