პუტინმა მედვედევს „ბრიყვი

პუტინმა მედვედევს „ბრიყვი" უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არქტიკაში რუსეთის ყოფნის გაფართოებაზე ისაუბრა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორს სერგეი მედვედევს „ბრიყვი" უწოდა, რომელმაც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ არქტიკის მმართველობა საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გადაეცეს.

„ბრიყვი" - განაცხადა პუტინმა პარტია „ედინაია როსიას" წევრებთან შეხვედრისას.

პუტინმა განაცხადა, რომ ნორვეგიის სანაპიროსთან აშშ-ს ატომური წყალყვეშა გემები იმყოფებიან.

„ამერიკული რაკეტების ფრენის დრო მსოფლიოს ამ რეგიონიდან მოსკოვამდე 16-17 წუთია და ამ პირობებში ისაუბრო იმაზე, რომ რეგიონი ვიღაცის მმართველობის ქვეშ გადავიდეს სრული სიბრიყვეა. ეს ანტისახალხო პოზიციაა, რომ აღარფერი ვთქვა - ანტიპატრიოტულზე", _ განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, არქტიკა - რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება უკვე რამდენიმე საუკუნეა.

„ეს ასეც იქნება მომავალშიც", _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავად სერგეი მედვედევი ვლადიმერ პუტინის ამ შეფასებას „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „პუტინის მხრიდან პირად შეურაცხყოფას ჯილდოდ მიიჩნევს".