პრეზიდენტის ადმინისტრაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2014 წელს დაფინანსება 20 ათასი ლარით გაეზრდება და 9 მილიონ ლარს შეადგენს.
ეს თანხა ძირითადად, ხელფასების მატებას მოხმარდება. 2012 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 19 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრებოდა.
უცვლელი დარჩა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის "შემოსავლები" და მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა ((2012 წელს 20 მილიონ 618 ათას ლარს შეადგენდა).
მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტი გაისად 40 ათასი ლარით გაიზრდება და 10 მილიონ ლარს მიაღწევს. "ქამრების შემოჭერა" 2012 წელს მთავრობასაც დასჭირდა - შემოსავლების მოცულობა მაშინ, დაახლოებით, 10 მილიონი ლარით შეუმცირდა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, მისი ბიუჯეტი გაისად 469 ათასი ლარით შემცირდება და 59 მილიონ 531 ათასი ლარით განისაზღვრება. თუმცა, 2012 წელთან შედარებით მისი "შემოსავლები" 23 მილიონ 87 ათასი ლარით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო საქმიანობით დაკავებულთა რიცხვი პარლამენტში მომავალ წელს 900-დან 840-მდე შემცირდება, თუმცა, შრომის ანაზღაურება 4 მილიონ 390 ათასი ლარით გაიზრდება და 27 მილიონ 604 ათას ლარს მიაღწევს.