დავით საგანელიძე - ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრა იმის პრევენცია იყო, რომ მედიის საქმეებში არავინ ჩაერიოს

დავით საგანელიძე - ივანიშვილის გუშინდელი შეხვედრა იმის პრევენცია იყო, რომ მედიის საქმეებში არავინ ჩაერიოს

დეპუტატ დავით საგანელიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ჟურნალისტებთან გუშინდელი შეხვედრა და საუბრის ფორმატი იმის პრევენცია იყო , რომ მედიის საქმეებში ჩარევა არავინ გაბედოს.
როგორც საგანელიძემ დღევანდელ პრესკონფერნციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის როგორც მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან შეხვედრა უპრეცედენტო იყო.

"მედიის საქმეებში ჩარევას წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი, როცა დახურულ კარს მიღმა, ტელეფონით ან დაბარებებით ხდებოდა მედიის წარმომადგენლებისთვის დავალებების მიცემა, ვინ რა ინფორმაციას გაუშვებდა, რას - არა, ვის დასვამდა თოქ-შოუში და ასე შემდეგ. კაცმა ყველა კედელი გახსნა და საკუთარი პოზიცია ყველასთან ღიად დააფიქსირა. ასე ღიად ჩარევა გაგიათ როდესმე? პირიქით, ეს იყო იმის პრევენცია, რომ ვინმე არ ჩაერიოს, ეს იყოს ის ნაბიჯი, რომ არავინ გაბედოს და მედიის საქმეებში არ ჩაერიოს", - აცხადებს დავით საგანელიძე.
მისივე აზრით, პრეტენზიების გამოთქმის უფლება ყველას აქვს.

"შეიძლება თქვენ ჩემი ტონი არ მოგწონდეთ, ან - მოგწონდეთ, ეს გემოვნების საკითხია. ამიტომ როცა პრემიერ-მინისტრმა გარვეულ ჟურნალსტებს მიმართ, გარკვეული პრეტენზიები გამოთქვა, ამას პირდაპირ შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ. სხვა რამესაც გეტყვით - სამწუხაროდ, ჟურნალისტების გარკვეულმა ნაწილმა, მართლა ღირსეულ ჟურნალისტებსა და ამ ღირსეულ პროფესიას სახელი გაუტეხა.

დევალვირება გააკეთა იმის, რასაც შესანიშნავი სახელი, ჟურნალისტიკა ჰქვია. ცოტაა, განსაკუთრებით ბეჭდვით მედიაში ისეთი ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ გამოძალვის გამო წერენ გარკვეულ სტატიებს, დაკვეთის გამო აკეთებ გარკვეულ სტატიებს? ასეთი ჟურნალისტიკის მიმართ ტაში უნდა დავუკრათ?" - განაცხადა დავით საგანელიძემ.