ემზარ გოგუაძე - საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდება

ემზარ გოგუაძე - საზმაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ჩავარდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

ემზარ გოგუაძის განცხადებით, მას აცნობეს, რომ ბორდის დატოვებას ეკა მაზმიშვილის გარდა, კიდევ ერთი წევრი ავთანდილ ანთიძე აპირებს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ბორდში 7 წევრია, რის გამოც, საბჭო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

"ბორდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უუნარო გახდება. ვერ აირჩევს ახალ გენერალურ დირექტორს და ვერ შეიტანს მაუწყებლის ბიუჯეტში კორექტივებს თუ არ მოხდა 9-წევრიანი შემადგენლობის ცნობა. პირველ იანვრამდე, კი ეს ვერ მოხერხდება", - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაუწყებლის გენერალური დირექტორობისთვის გამოცხადებული კონკურსი შეჩერდება და პირველი იანვრიდან განახლდება.

პარლამენტში თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ორი წევრის - ეკა მაზმიშვილისა და ავთანდილ ანთიძის განცხადებები შევიდა.

მათი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზეა დაწერილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, მაზმიშვილმა პარლამენტს 30 სექტემბერს, ხოლო ანთიძემ - 1 ოქტომბერს მიმართეს.