სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულთა ოჯახებს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მოთხოვნის გადამოწმებას ურჩევს

სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულთა ოჯახებს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების მოთხოვნის გადამოწმებას ურჩევს

სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი პირები საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უკავშირდებიან და სამედიცინო მომსახურებისთვის თანადაფინანსებას სთხოვენ. 

„იქნებ გამომიგზავნოთ ფული, ძვირადღირებული ოპერაცია მჭირდება და სამინისტრო მხოლოდ 8 500 ლარს მიფინანსებს“ - ამ ტიპის თხოვნა რამდენიმე მსჯავრდებულის ოჯახს მიუვიდა. მსგავსი სპეკულაციისგან თავის დაზღვევის მიზნით, სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს ინფორმაცია გადაამოწმონ სამედიცინო დეპარტამენტში შემდეგ ტელეფონის ნომერზე - 231-27-47 .

საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დეპარტამენტი ოჯახთან დაკავშირებას თავად უზრუნველყოფს. გამოცდილება, როდესაც ოჯახები პატიმრებს საკვების და სამედიცინო მომსახურების ფულს იძულებით უგზავნიდნენ, წარსულს ჩაბარდა.

2013 წლის 1 იანვრიდან დღემდე 5139-მა მსჯავრდებულმა მიიღო სამედიცინო მომსახურება პენიტენციური სისტემისა და სამოქალაქო ჯანდაცვის საავადმყოფოებში და არცერთ ამ შემთხვევაში თანადაფინანსებას ადგილი არ ჰქონია - მათი მომსახურება სახელმწიფო ბიუჯეტმა 100%-ით დააფინანსა. სამედიცინო რეფერალის თითოეული შემთხვევა ელექტრონულ სამედიცინო პროგრამაში რეგისტრირდება და ინტერესის შემთხვევაში, ინფორმაციის გადამოწმება ადვილია.

პატიმარს აქვს უფლება თავად შეიძინოს მედიკამენტები, რომელიც იმ 500-მდე მედიკამენტის ჩამონათვალში არ შედის, რომელსაც სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს, ასევე აქვს უფლება მოითხოვოს მეორე სამედიცინო აზრი ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანხმობის შემთხვევაში, თავად აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი საკუთარი ხარჯებით, რაც იშვიათად ხდება, თუმცა თანადაფინანსება ამ შემთხვევებშიც შეუძლებელია.