დავით საგანელიძე:

დავით საგანელიძე: "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე შსს-ს ინფორმაციაში იოტისოდენა ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, არანაირი საფუძველი არა აქვს იმისა, "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოს საქმეზე, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში იოტისოდენა ეჭვი შეიტანოს.

როგორც დეპუტატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის შეეცდება, ნებისმიერი საქმე ეჭვქვეშ დააყენოს და ხელისუფლებას ყველაფერი დაუწუნოს.

"ის რაც იყო ნათქვამი და საკმაოდ დეტალიზებულად იყო ახსნილი, თუ როგორ მოხდა ყირგიზი მოქალაქის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩვენს ინტერნეტსივრცეში შეღწევა. როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალკვალიფიციური "აიტიშნიკია". დავალება ვისგან ჰქონდა და რატომ, ეს მეორე თემაა. ფაქტი ერთია, რომ შესაბამისს სამსახურებს აღნიშნული ფაქტი დეტალურად აქვს შესწავლილი - როდის, როგორ, რომელი სერვერის საშუალებით და რომელი ტერიტორიებიდან მოხდა ვიდეოს გავრცელება. ამ ადამიანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იმედი მაქვს, მისი დაკავება მოხდება", - განაცხადა საგანელიძემ.

ამასთან, მისივე მონაცემებით, საქმე ბოლო ერთი თვეა გახსნილია და ამ ხნის განმავლობაში გამოძიების მიერ გარკვეული დეტალები და ნიუანსები ზუსტდებოდა.

"გამოძიებას აქვს ვალდებულება, ვიდრე საკითხს ბოლომდე არ შეისწავლის, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმაუროს", - აღნიშნა საგანელიძემ.