დავით საგანელიძე მმართველი გუნდიდან რამდენიმე ადამიანის მიერ ცალკე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს

დავით საგანელიძე მმართველი გუნდიდან რამდენიმე ადამიანის მიერ ცალკე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მმართველ საპარლამენტო გუნდიდან რამდენიმე ადამიანის მიერ ცალკე ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ზოგადად, უმრავლესობაში საკმაოდ ჯანსაღ პროცესებს - ცალკეულ საკითხებზე ჯანსაღ აზრთა სხვადასხვაობას და კამათს აქვს ადგილი. 

საპარლამენტო უმრავლესობაში ერთი-ორი ადამიანის მიერ "სიტუაციის აყირავებასთან" დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, დავით საგანელიძემ ასეთი განმარტება გააკეთა: "ვერ გეტყვით, რომელ ერთ-ორ ადამიანს გულისხმობდა ბატონი ბიძინა. ამასთან დაკავშირებით ჩემი გარკვეული შეხედებულები და მოსაზრებები, ბუნებრივია, მაქვს, მაგრამ გვარების დასახელებისგან, თავს შევიკავებ, მით უფრო, რომ მათ პრემიერი არ ასახალებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან უმრავლესობაში ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პოლიტიკური მომავლისთვის უკეთესი იქნება ცალკე ფრაქცია გააკეთონ, ეს არ არის გამორიცხული. ფრაქცია, რომელიც მეტ თავისუფლებას თუ დამოუკიდებლობას მისცემს მათ, იმიტომ, რომ არ მოსწონთ რაღაც, რაც პოლიტიკაში ხდება. ეს მათი საქმეა და მათი პოლიტიკაა. შეიძლება რვა, ათი და თორმეტი ადამიანი განაწყენებულია იმით, რომ მეტად აქტიურობის საშუალება არა აქვთ, თუმცა ეს მხოლოდ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ - ის, რომ აუცილებლად შტაბის ხელმძღვანელები უნდა ყოფილიყვნენ, ეს მათ აქტიურობას არ განსაზღვრავდა".

უმრავლესობაში "სიტუაციის აყირავების" კონტექტში, დავით საგანელიძემ დღეს კობა დავითაშვილი და უმრავლესობიდან მისი წასვლის ფაქტი გაიხსენა. საგანელიძე მიიჩნევს, რომ კობა დავითაშვილის და მისნაირი ადამიანების პოლიტიკიდან წასვლა კარგი იქნება.

"დავითაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არასტაბილურობით. იმ დღეს ვიხსენებდით, რამდენი პოლიტიკური პარტია გამოიცვალა და ყველა პარტიიდან სკანდალებით წამოვიდა. პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა ერთი მინდა ვთქვა, რომ იმედი მაქვს, ბატონი კობა ერთხელ მაინც შეასრულებს თავის ნათქვამ სიტყვას, როცა მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ თუ არჩევნებში 3%-ს ვერ მოაგროვებს, პოლიტიკიდან წავა. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანების პოლიტიკიდან წასვლა ნამდვილად კარგი იქნება, რადგან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში მარტო პოპულიზმზე და საკუთარ სარგებელზე ფიქრობენ, კარგი იქნება პოლიტიკა გაიწმინდოს" - აცხადებს დავით საგანელიძე.