ოპოზიცია ხელისუფლებას დევნილთა განსახლების ფორმების შეცვლისკენ მოუწოდებს. პრემიერი გილაური არ მივიდა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავდნენ. მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, „პრემიერ-მინისტრის გამოძახება საბჭოს სხდომაზე წინა დღეს საღამოს 6 საათისთვის არ უნდა ხდებოდეს“.
სხდომაზე დეპუტატებმა ხელისუფლება დევნილების „კინწისკვრით გამოყრასა“ და მათ მიმართ „არაადამიანურ მოპყრობაში“ დაადანაშაულეს. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის მტკიცებით, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განსახლების პროცესი კანონისა და შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით ხორციელდება.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დღის წესრიგით მხოლოდ ერთი საკითხი იყო გათვალისწინებული, რომელიც დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით 2009-2010 წლების სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შესრულებას ეხებოდა.
საბჭოს ექსპერტებმა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მონიტორინგი განახორციელეს და მთავრობის მეთაურისთვის მის შედეგებზე დაყრდნობით შენიშვნები და რეკომენდაციები უნდა გაეცნოთ. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პარლამენტში 16:00 საათისთვის იყო დანიშნული.
სხდომის დაწყებამდე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას არ დაესწრებოდა.
მისი განმარტებით, პრემიერ-მინისტრს აქვს გაწერილი დღის წესრიგი და მთავრობის სხდომის შემდეგ ის ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მიემგზავრება. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას და დეპუტატების შეკითხვებს კი დარგობრივი მინისტრი კობა სუბელიანი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი უპასუხებდნენ.
„საკითხი, რომელიც დევნილების პრობლემების მოგვარებას ეხება, არის თავისთავად საინტერესო და საზოგადოებას აქვს უფლება შეკითხვები დასვას და შესაბამისი პასუხებიც მიიღოს. პრემიერ-მინისტრის გამოძახება საბჭოს სხდომაზე არ უნდა ხდებოდეს წინა დღეს საღამოს 6 საათისთვის. პრემიერ- მინისტრს აქვს გაწერილი დღის წესრიგი და ის ატარებს მთავრობის სხდომას. ხოლო შემდეგ ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება თურქეთში. ეს არავის კაპრიზი არ არის. პრემიერ მინისტრი ამ სხდომას ვერ დაესწრება,“ - განაცხადა გია ხუროშვილმა.
მისივე განმარტებით, ფორს მაჟორულ სიტუაციაში ანტიკრიზისულ საბჭოს უფლება აქვს მთავრობა და ზოგადად პრემიერ-მინისტრი სხდომაზე დაუყონებლივ გამოიძახოს. ამ ეტაპზე ფორს-მაჟორული სიტუაცია არ არსებობს შესაბამისად ანტიკრიზისულმა საბჭომაც მთავრობის წევრების გამოძახება რეგლამენტის დაცვით უნდა მოახდინოს.
პარტია „ჩვენ თვითონის“ ლიდერი პაატა დავითაია ხელისუფლებას დევნილთა განსახლების ფორმების შეცვლას სთხოვს. ამის შესახებ დავითაიამ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე განაცხადა და დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული ძალები დევნილებს გამოიყენებენ. მისი თქმით, მთელი ამ პროცესის „შოუდ“ გადაქცევისთვის ფულიც კი იხარჯება.
დავითაიასთვის გასაგებია, რომ დევნილთა განსახლების პროცესი საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია და ისიც იცის, რომ კონკრეტულ ობიექტებში ადგილი ჰქონდა თვითნებურ შეჭრებს, მათ შორის იმ ადამიანთა მხრიდანაც, რომელთაც ფულადი კომპენსაციაც აიღეს.
ამის მიუხედავად, დავითაიასთვის მათი გამოსახლების ფორმები და მიდგომები მაინც აბსოლუტურად მიუღებელია.
„ეს მიდგომები უნდა შეცვალოთ, რადგან არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან და ფულსაც ხარჯავენ იმისთვის, რომ ეს პროცესი შოუდ იქცეს“, - განაცხადა დავითაიამ, რომელსაც ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძეც დაეთანხმა.
თორთლაძის თქმით, მან კარგად იცის ვინ დგას იმ ადამიანების უკან, რომელთაც რამდენიმე კვირის წინ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე დევნილების „შოუს“ უკან მდგომი პირები, არ დაუკონკრეტებიათ.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის მტკიცებით, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განსახლების პროცესი კანონისა და შესაბამისი პროცედურის სრული დაცვით ხორციელდება. სახელმწიფო მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ „ადგილი აქვს დევნილთა არა გამოსახლებას, არამედ განსახლებას“.
აღნიშნული განცხადება სუბელიანმა ანტიკრიზისული საბჭოს გუშინდელ სხდომაზე გააკეთა, რომელიც პარლამენტში დაძაბული დებატების ფონზე მიმდინარეობს.
საბჭოს ოპოზიციონერ წევრებსა და მინისტრს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში დაწყებული საუბარი საკმაოდ ემოციურ კამათში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დეპუტატებმა ხელისუფლება დევნილების „კინწისკვრით გამოყრასა“ და მათ მიმართ „არაადამიანურ მოპყრობაში“ დაადანაშაულეს.
აღნიშნული ბრალდებების საპასუხოდ სახელმწიფო მინისტრმა განმარტა, რომ „დევნილთა გამოსახლება იმ შენობებიდან ხორციელდება, რომელიც იმთავითვე დროებითი თავშესაფარი იყო და კოლექტიურ საცხოვრებელს არ წარმოადგენდა“.
ამასთან, სუბელიანის ინფორმაციით, საქმე ძირითადად იმ ობიექტებს ეხება, სადაც დევნილები თავის დროზე თვითნებურად, ძალადობრივი ფორმით შეიჭრნენ.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი კატეგორიულად არ იზიარებს ოპოზიციის შეფასებას იმის შესახებ, რომ „დევნილებს ქუჩაში ყრიან“ და აცხადებს, რომ ამ დროისთვის რეაბილიტირებული და დაკანონებულია 280-ზე მეტი საცხოვრებელი ცენტრი.
„განსახლების I ეტაპი 2008 წელს განხორციელდა, როდესაც დევნილებისთვის ახალი კოტეჯები აშენდა. II ეტაპს ადგილი 2009 წლის ზაფხულში ჰქონდა, როცა დევნილებმა საცხოვრებელი ფართები კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მიიღეს და ამ გზით სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობები გამოთავისუფლდა. განსახლების III ეტაპი კი მიმდინარე წლის ზაფხულში კანონის სრული დაცვით განხორციელდა“ - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
ანტიკრიზისულმა საბჭომ გუშინვე დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში, კერძოდ, იმერეთის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა.