ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით , დელეგაცია საქართველოს 29 სექტემბერიდან 1 ოქტომბერამდე სტუმრობდა. 

კომიტეტის წევრები შეხვდნენ პრეზიდენტ მეხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს, და სამოქალაქო საზოგადოებას.

კომიტეტის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ გადაადგილების შემზღუდავი ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვასა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მათ გავლენასთან დაკავშირებით. კომიტეტის წარმომადგენლებმა კვლავ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ვიზიტი მკაფიო ნიშანია იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოს, როგორც ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს პარტნიორს. ის ასევე მიესალმება საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მკაფიო მზადყოფნას.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლებმა მიულოცეს საქართველოს "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა" და მასში შემავალი "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (AA/DCFTA) თაობაზე მოლაპარაკებების დასრულება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მოწადინებულია, რომ ხსენებული შეთანხმების პარაფირება მოხდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ვილნიუსში.

კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ასოცირების შესახებ შეთანხმების / ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" წევრობა "საბაჟო კავშირის" წევრობასთან შეუთავსებელია. ევროკავშირი პატივს სცემს პარტნიორების თავისუფალ, სუვერენულ და ავტონომიურ არჩევანს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის პარტნიორებზე გაუმართლებელი ზეწოლა მიუღებელია.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტი წარმატებული იყოს, უნდა შენარჩუნდეს საქართველოს წინსვლა რეფორმების მიმართულებით.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი მიესალმება დღეისთვის მიღწეულ პროგრესს და მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს რეფორმების გზა, კიდევ უფრო გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა, და ასევე გაუმკლავდეს დარჩენილ გამოწვევებს. კომიტეტმა გამოთქვა მოლოდინი, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი (PSC) აერთიანებს 28 ელჩს ევროკავშირის წევრი 28 სახელმწიფოდან, ევროკომისიის, ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსა და ევროპული საგარეო სამსახურის წარმომადგენლებს.