დუმის დეპუტატი ლიხაჩოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას გეგმავს

დუმის დეპუტატი ლიხაჩოვი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას გეგმავს

რუსეთის დუმის დეპუტატის ვასილი ლიხაჩოვის განცხადებით, 27ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლას და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

საინფორმაციო სააგენტო "იტარ-ტასთან" საუბრისას რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ უარი უთხრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციასთან ერთად საქართველოში შემოსვლაზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ის არ აპირებს უარი თქვას PACE-ს მანდატზე.

"23 სექტემბერს წინასაარჩევნო დელეგაციასთან ერთად თბილისში უნდა გავფრენილიყავი. ბილეთიც მქონდა აღებული. თუმცა, "გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების" ლიდერმა ტინი კოქსმა, რომელსაც ეს ინფორმაცია PACE-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელობამ მიაწოდა, მითხრა, რომ საქართველოში შესვლის უფლება არ მქონდა, რადგან აფხაზეთში ვიმყოფებოდი", - განაცხადა ლიხაჩოვმა.

მისივე თქმით, ის მართლაც იმყოფებოდა აფხაზეთში 2009 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით.

ვასილი ლიხაჩოვმა ასევე აღნიშნა, რომ PACE-ს ბიუროში ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლიხაჩოვს შეუნარჩუნდება ასამბლეის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დასასწრებად.

"საქართველოს ეცნობა, რომ მათ ისე უნდა მოაგვარონ შექმნილი სიტუაცია, რომ 27 ოქტომბერს საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის მეც ვირიცხებოდე", - განაცხადა ლიხაჩოვმა.
მისივე განცხადებით, თუ ქართული მხარე ამ საკითხს არ გადაჭრის, ნოემბერში, ვენაში გასამართ PACE-ს მუდმივ კომიტეტზე საქართველოს წინააღმდეგ სანქციები იქნება მიღებული.